„ვნახეთ, „ფეისბუქზე“ ათასობით „ნაციონალის“ უპრეცედენტო შტურმი პატრიარქსა და ეკლესიაზე. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ ვის ინტერესებშია და ვის მიერ არის მართული შეტევა და შტურმი ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, ეს შტურმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული.,” – აღნიშნული განცხადება, პარლამენტში, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
დეპუტატის განცხადებით, საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენების უკან, ოპოზოცია დგას.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელში რომ ჰქონდეს უროები და მაკრატლები, ეკლესიების ნგრევასა და სასულიერო პირების გაკრეჭვას დაიწყებდნენ. დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, იმიტომ, რომ ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები. მათ სცადეს 20 ივნისს შეჭრა პარლამენტში და ხელისუფლების გადატრიალება და ეს დასრულდა წარუმატებლობით. ახლა ისინი ცდილობდნენ შეჭრას საპატრიარქოში და ესეც ასეთივე წარუმატებლობით დასრულდება, იმიტომ, რომ აქ დგას ხალხი, ხელისუფლება და ეკლესია, რომელიც აუცილებლად დაუპირისპირდება ასეთ პოლიტიკურ ძალებს. ჩვენ აქ ვიხილეთ იმ სულის რეინკარნაცია, რომელიც გვახსოვს ჩვენ გასული საუკუნის დასაწყისიდან, ეს არის ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია,“ – განაცხადა კობახიძემ.