ნინო სუხიშვილი დასაჯეს და გაეროს კეთილი ელჩის სტატუსი მოუხსნეს

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ინფორმაციით, ჰომოფობიური განცხადებების გამო, “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელ ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ელჩის სტატუსი ჩამოართვეს.

როგორც ლევან აკინი აცხადებს, ნინო სუხიშვილი გაეროდან  ჰომოფობიური განცხადებების გამო დაითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ნინო სუხიშვილმა რამდენიმე დღის უკან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი მასთან იყო მისული ფილმში ქართული ცეკვის ელემენტების გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი, კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვიდოდა. ჯერ ერთი, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე – ქართულ ცეკვაში მამაკაცის როლი არის მამაკაცური და აქ მთავარი ტრადიციული დატვირთვაა. ფილმის სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ქართულ ცეკვათა უმეტესობა საერთოდ ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა აგებული. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, ძლიერი და ტრადიციული. ეს ყველა ცეკვაში და მოძრაობაში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემი ანსამბლი გადაეღოთ ასეთ ფილმში, ეს იქნებოდა ხელოვნურად დადგმული ტყუილი და იმ კულტურის დაცინვა, რაზეც ვდგავართ,“ – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

მსგავსი თემები