სალომე ზურაბიშვილმა საქველმოქმედო ფონდი დააფუძნა

ბავშვთა ონკოლოგია, ქალთა და ბავშვთა ჯანდაცვა, კულტურა და რეგიონული განვითარება – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც სალომე ზურაბიშვილის მიერ ოფიციალურად დაფუძნებული ფონდი იმუშავებს.

საქველმოქმე​დო ფონდის საქმიანობას, სპეციალური საბჭო განსაზღვრავს, რომელსაც ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. 

პრეზიდენტის თქმით, ფონდის საბჭოს შემადგენლობა პროფესიონალიზმისა და საზოგადოებაში მათი სანდოობის მიხედვით შეარჩია.

„მიხარია, რომ ფონდი, რომელიც უკვე შექმნილი იყო, რეალურად იწყებს მუშაობას. მგონი, მნიშვნელოვანია რომ სხვა ტიპის ფონდია. ასეთ ფონდებს პრეზიდენტები ქმნიან, როცა უკვე აღარ არიან პრეზიდენტები, ცოტა წინმსწრებად დავიწყე. არ ვიქნები ჩართული ამ ფონდის მართვაში, ვიქნები ინიციატორი. პროექტებს და პირველ პროექტს მივცემ ჩემს პატრონაჟს, რომ უფრო ადვილად მოვახდინოთ სახსრების მობილიზაცია. ვიქნები მხოლოდ საპატიო დამფუძნებლის სტატუსით და ფონდის საბჭოს წევრები იქნებიან ამ ფონდის სახეები.

მნიშვნელოვანია, ფონდი ისეთი ადამიანებისგან იყოს დაკომპლექტებული, რომ მოქალაქეებისთვის იყვნენ პატივსაცემი, სანდო და პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩეულები, რადგან ამგვარი ფონდების მიმართ სანდოობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ეს ფონდი მისაღები იქნება მთლიანად საზოგადოებისთვის, რომელიც ასევე მისაღები არის ჩემი მანდატიდან გამომდინარე“, – განაცხადა პრეზიდენტმა პრეზენტაციაზე.

სალომე ზურაბიშვილის ფონდის გამაკონტროლებელ საბჭოში იქნებიან: ექიმი ნევროპათოლოგი ნანა ტატიშვილი, ფსიქიატრი ლალი ბანძელაძე, გიორგი კოპალეიშვილი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია, წინანდლის ფესტივალის დირექტორი დავით საყვარელიძე და პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი, რომელიც ფონდში დიასპორის წარმომადგენელი იქნება.

მსგავსი თემები