„შორენასთან, პატრიარქთან უახლოესი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მათთან საუბარს არავის ვასმენინებ“ – ნანა კაკაბაძე „კონსპირაციულ შეხვედრებზე“

ე.წ. კონსპირაციული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და მონაწილე ნანა კაკაბაძე მის ბინაში გამართულ შეხვედრებზე განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ ბრალდებები მოგონილია და გარკვეულ მიზნებს ემსახურება. ამ თემაზე, ნანა კაკაბაძემ და გელა ნიკოლაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს.

„გამაჩნია მტკიცებულებები, გიორგი ტიგინაშვილი რა იყო როცა ჩვენთან დადიოდა და რა არის ის დღეს. არ შემიძლია ვთქვა და პირდაპირ ხელი დავადო, რომ მას ჰქონდა ფულადი ინტერესი და ამიტომ მოხდა მისი ცვლილება, მაგრამ როდესაც საუბრობს რომ ვიღაცა მას 3000 ლარიან ხელფასს სთავაზობდა, ეტყობა მისი პრობლემა სწორედ ეს იყო. სავარაუდოდ ესაა მისი ამ ცვლილების მიზეზი“, – ასე ახსნა ნანა კაკაბაძემ თეოლოგის ბრალდებები მის ბინაში „კონსპირაციულ შეხვედრებთან“ დაკავშირებით და დეტალებიც განმარტა.

„ჩემს ბინაში არ ხდებოდა მარტო შეხვედრა. რიგრიგობით ვიკრიბებოდით ყველგან. უბრალოდ, ტიგინაშვილი მოხვდა იმ შეხვედრაზე, რომელიც ჩემს სახლში ჩატარდა. შეხვედრებს ჩვენ განვიხილავთ იმ საკითხებს, რომელიც ჩვენ მიგვაჩნდა განსახილველად ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. უახლოესი ურთიერთობა მაქვს შორენა თეთრუაშვილთან, პატრიარქთან და სამღვდელოების უდიდეს ნაწილთან, მაგრამ მათთან სატელეფონო საუბრებს არავის ვასმენინებ. როგორ შეიძლება ტიგინაშვილი გამხდარიყო ამისი მომსწრე და მოწმე. ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობდი და პირველად შევხვდი ჩემს ბინაში. როგორ შეიძლება, ჩემი ურთიერთობა შორენა თეთრუაშვილთან ენახა პირველად მოსულ უცხო ადამიანს, რომელთანაც არანაირი შეხება არ მქონია. ჩემი ურთიერთობები ასე გადავუშალე, ვიღაც პროკურორები მირეკავდნენ, დირექტივებს მაძლევდნენ, ხელისუფლება მირეკავდა, შორენა მირეკავდა და ვასმენინებდი მას?“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის ბრალდებების საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ადამიანთა ჯგუფს, ნანა კაკაბაძის ბინაში კონსპირაციული შეხვედრების ორგანიზებასა და მონაწილეობაში ადანაშაულებს  და ამბობს, რომ ისინი ხელისუფლებისა და საპატრიარქოდან იმართებოდნენ.  მისივე მტკიცებით, ამ შეხვედრაზე, ნანა კაკაბაძე შორენა თეთრუაშვილისგან აქტიურ დირექტივებსა და დავალებებს იღებდა.

მსგავსი თემები