„ამ შეხვედრებზე ისიც განიხილებოდა, ვინ იქნებოდა პატრიარქის კარგი მემკვიდრე“ – გელა ნიკოლაიშვილი ე.წ. კონსპირაციულ შეხვედრებზე

ე.წ. კონსპირაციული შეხვედრები ხელისუფლებისა და საპატრიარქოს სახელით – კიდევ ერთი ახალი ბრალდებები, რომელსაც თეოლოგი გიორგი ტიგინშვილი, ამჯერად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უყენებს. მთავარი „სამიზნეები“ ამ თემაზე განმარტებებს „მედიაცენტრ მთავარში“ აკეთებენ და ამბობენ, რომ ეს არის მორიგი სისულელე, რომელიც ბოლო პერიოდში მოისმინეს.

ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ აგორებული ინფორმაცია ცრუ ინფორმაციაა და ე.წ. კონსპირაციული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.  

„გიდასტურებთ რომ მსგავსი არაერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა, მას „კონსპირაციულ შეხვედრასთან“ კავშირი არ ჰქონია და გაუგებარია რა ითვლება კონსპირაციად. ეს ადამიანი, ტიგინაშვილი არის ფარისეველი და მის წერილს რომ წაგიკითხავთ, თავად დარწმუნდებით ამაში. ამ შეხვედრებზე არანაირი შორენა თეთრუაშვილის ხსენება და მისი ზარები არ ყოფილა. აბსოლუტური სისილელეა მისი ბრალდებები. ჩვენ ვეძებდით ყველა სფეროში პროფესიონალებს და ასე მოხვდა ტიგინაშვილი ამ შეხვედრაზე. ის, მაშინ, პატრიარქს შორსმჭვრეტელ, პრაგმატულ, გამოცდილი პატრიარქს უწოდებდა, ცაში აჰყავდა და კერპად ყავდა გამოცხადებული და დღეს რა ხდება, რატომ არის მისი პოზიცია რადიკალურად შეცვლილი?“ – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება თეოლოგის მორიგ ბრალდებას რომელიც „ციანიდის საკითხს“ და პატრიარქს ეხებოდა, გელა ნიკოლაიშვილი ამბობს რომ „ციანიდის თემა“ ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო.

„ციანიდის საკითხი“ არ იყო ერთადერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვმსჯელობდით. მთავარი იყო რა ჭირს ჩვენს ქვეყანას. ბუნებრივია, ერთ-ერთი თემა ეკლესიასაც ეხებოდა. კერძოდ, რა მდგომარეობაა დღეს ეკლესიაში. არანაირი სცენარი „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით ამ შეხვედრაზე არ განხილულა. ეს იყო შეხვედრა, სადაც ადამიანები გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს სხვადასხვა საკითხზე და მათ შორის ციანიდზეც, რადგან, მაშინ ეს ახალი მომხდარი იყო“ – განაცხადა უფლებადამცველმა.

მორიგ კითხვაზე, რისთვის აკეთებდნენ ამ ყველაფერს, რისთვის იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ, რესპონდენტმა გვიპასუხა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციის პირდაპირი მოვალეობაა: „ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაციის – „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლები და სწორედ ამ ფორმაში იმართებოდა ეს შეხვედრები. აქედან გამომდინარე, ყველა საკითხებზე ვმსჯელობდით. რაც გამოიკვეთებოდა, რომ იყო პრობლემა, ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე უნდა გვემუშავა თითოეულს. ეს იყო ამ შეხვედრების არსი. ტიგინაშვილი კი ამბობს, რომ ეს არის კონსპირაცია… რა თქმა უნდა, მთავარი იყო, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სწორი ფორმით უნდა მომხდარიყო“.

ადვოკატი და უფლებადამცველი არ უარყოფს, შეხვედრაზე პატრიარქის მდგომარეობაზეც მსჯელობდნენ.

„უფრ მეტსაც გეტყვით, მაშინ პატრიარქი ცუდად იყო და რა თქმა უნდა, ყველას აწუხებდა ეს საკითხი. ტიგინაშვილი თავად 3 ადამიანს ასახელებდა, თუ ვინ იქნებოდა კარგი მის შემცვლელად.  რა თქმა უნდა, განიხილებოდა ვინ იქნებოდა პატრიარქის კარგი მემკვიდრე“ – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

შეგახსენებთ, რომ თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი  ადამიანთა ჯგუფს კონსპირაციული შეხვედრების ორგანიზებასა და მონაწილეობაში ადანაშაულებს  და ამბობს, რომ ისინი ხელისუფლებისა და საპატრიარქოდან იმართებოდნენ. მისივე განცხადებით, ამ ადამიანების დავალება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და იმ გზავნილების გაჟღერება იყო, რასაც ისინი ხელისუფლებისა და საპატრიარქოსგან ღებულობდნენ. მისივე თქმით, ამ ჯგუფის ფარული მიზანი მიხეილ სააკაშვილის მეუფე პეტრესთან და “ციანიდის საქმესთან” დაკავშირება იყო.

მსგავსი თემები