„დაავადებათა კონტროლის ცენტრი“ გრიპის ვაქცინების მარაგის ამოწურვას არ ადასტურებს

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ გავრცელებულ ინფორმაციას, გრიპის ვაქცინების ამოწურვასთან დაკავშირებით არ ადასტურებს და „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას ამბობს, რომ ვისაც ეკუთვნის, მისთვის ვაქცინა არსებობს.

“სახელმწიფო ვაქცინა მარაგშია. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვაქცინა დამთავრდა და ამის გამო ხალხი ვეღარ იცრება, სიმართლეს არ შეესაბამება. 1 კვირაა, რაც ვაქცინის ახალი მარაგი შემოვიდა ქვეყანაში. შეიძლება კომერციული ვაქცინა ამოწურული იყოს, თუმცა ის, რაც სახელმწიფოა და გარკვეული კატეგორიისთვის უფასოა, არ დამთავრებულა. ვაქცინა მარაგშია და უფასოდ ცრიან იმათ, ვისაც ეს ეკუთვნის“ , -განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

რამდენიმე მოქალაქემ, რუბრიკაში „მოგვწერეთ მთავარი,“ „მედიაცენტრ მთავარს“ მიმართა. ისინი აცხადებდნენ, რომ პოლიკლინიკაში უთხრეს, რომ ვაქცინა დამთავრებულია.

პაატა იმნაძის განცხადებით,  სახელმწიფო პროგრამით  მაღალი რისკის მქონე 100 000 ადამიანი აიცრება და პროცესი ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო

„აცრები უფასოდ ეკუთვნით შემდეგ რისკ ჯგუფებს: დიაბეტიანები, C ჰეპატიტის და აივ ინფიცირების მქონე მოქალაქეები, ორსული ქალბატონები, მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრები მოხუცები, ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვები და ექიმები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის მქონენი არიან, ” – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს.“

მსგავსი თემები