„ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს.

კერძოდ, მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“.

„სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, იმავე დღეს განახორციელა არაგეგმური ინსპექტირება ბიზნესოპერატორთან (თბილისი, ბელიაშვილის ქ.N25). ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდა სურსათის ნიმუშების აღება: 1) უკრაინული ქათმის ბარკალი 2) „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი) 3) „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფილე დამარინადებული. სააგენტომ მიკვლევადობის მიზნით, კონტროლი წარმოების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ყველა ეტაპზე განახორციელა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში, რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“(ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა. მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშში (მწარმოებელი „Processing Complex“ უკრაინა, დისრტრიბუტორი შპს „სანი“).

ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით ჩაატარა არაგეგმური ინსპექტირება რესტორანში -„ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“,რომელსაც კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერა საწარმოო პროცესი. შემოწმდა ის მარკეტიც (თბილისი, გლდანი I მიკრორაიონი, მე-2 კორპ.), სადაც ზემოთაღნიშნულმა რესტორანმა შეიძინა ნედლი ქათმის ფილე, სარეალიზაციო ობიექტს გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და 1 000 ლარით დაჯარიმდა.

სააგენტომ ბოლო ეტაპზე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა შპს „ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აღებული ხუთი ნიმუშიდან ოთხ მათგანში სალმონელა გამოვლინდა.

აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები