“საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი” – ბადრი ჯაფარიძე “საქსტატის” მონაცემებს ეხმაურება

“საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი. უნდა შეიქმნას ეკონომიკური ინიციატივების ერთობა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან”, – ასე აფასებს ბადრი ჯაფარიძე “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ მონაცემს, რომლის თანახმადაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ოქტომბერში 6.9 პროცენტს გაუტოლდა.

,,ასეთი მაღალი ინფლაცია პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ნაწილს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ. საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი. იმდენად, რომ უნდა შეიქმნას ეკონომიკური ინიციატივების ერთობა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაღალი ინფლაცია გამოწვეულია გაუფასურებული კურსის გამო. ფაქტია, რომ ლარის კურსის დაწევა დოლართან მიმართებაში რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის პირდაპირი ინვესტიციების კლებით. ანუ მყარი ვალუტის შემოდინებამ იკლო ქვეყანაში. ვგულისხმობ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რომელიც არის არა მხოლოდ მყარი ვალუტის შემოდინების, არამედ ახალი საწარმოების შექმნის ან არსებული საწარმოების გაფართოების წყარო. 54%-იანი ვარდნა მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემა. ამან, ეკონომიკის არაეფექტურმა მართვამ და კიდევ სხვა ფაქტორებმა გამოიწვია ლარის კურსის დაცემა.

რაც შეეხება ციფრს, რომლითაც ამაყობენ და აცხადებენ, რომ ოქტომბერში ეკონომიკის მაჩვენებელი გაიზარდა 5%-ით, იცით, რასთან შედარებით გაიზარდა? შარშანდელ მესამე კვარტალთან, როდესაც ძალიან დაბალი ზრდა დაფიქსირდა. დღეს გამოქვეყნდა სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის თანახმადაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2020 წლისათვის 4,3 პროცენტი იქნება. საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ მშპ-ს ზრდა 4.8 პროცენტი იქნებოდა. ეს არის ძირითადი პრობლემა, რომლის გადაჭრის არანაირი პროგრამა და ხედვა არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან. ინფლაცია, სამწუხაროდ, ურტყამს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ლარის კურსის ვარდნა დოლართან მიმართებაში გამოწვეულია იმით, რომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში.

„ეკონომიკა არაეფექტურად იმართება. ამან გამოიწვია ლარის გაუფასურება, რაც აისახა ინფლაციის გაორმაგებულ ტემპში. მიზნობრივი მაჩვენებელი 3% უნდა ყოფილიყო. ხოლო როდესაც 3%-დან 7%-ს ვიღებთ, ნიშნავს, რომ მათ მიერ გაკეთებული პროგნოზი არასანდოა. შესაბამისად, ეს ადამიანების და ინვესტორების მოლოდინებსაც ცვლის’’, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები