„მივმართავ სინოდსა და სამოციქულო ეკლესიას, ერთად ჩავშალოთ გახრწნილების პროპაგანდა“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს საპატრიარქოსა და სინოდს თხოვნით მიმართავს, მრევლს მოუწოდონ, 8 ნოემბერს ქუჩაში გამოვიდნენ და ოსკარზე წარდგენილი ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრეზენტაცია ჩაშალონ.

როგორც სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ვალდებულებაა, არ დაუშვას “მამაკაცების გახრწნილი ცხოვრების პროპაგანდისტული ფილმის ჩვენება”. მისი თქმით, ფილმის პრეზენტაციის ჩაშლა, მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს.

“მინდა, თხოვნით მივმართო საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და მოვუწოდო, რომ დააფიქსიროს თავისი მკაფიო პოზიცია ამ ფილმთან დაკავშირებით. მოუწოდოს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და მშვიდობიანი ფორმით ჩაშალოს გეი პროპაგანდისტული ფილმის ჩვენება. ესაა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მოვალეობა. ვფიქრობ, ჩვენი მღვდელმთავრები, კარგად იცნობენ სჯულის კანონს, სადაც წერია, რომ სოდომის ცოდვისთვის ხელის შეშლა, ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაა. მივმართავ საქართველოს წმინდა სინოდს, საპატრიარქოს, რომ მოუწოდოს მრევლს გამოვიდეს ქუჩაში და ჩაშალოს  სიბილწის  პროპაგანდისტული ფილის ჩვენება,” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

ქართული ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავეს ეხება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. ფილმის პროდიუსერები აცხადებენ, რომ მათ ნამდვილ ისტორიებზე აგებული, ქართული საზოგადოების პრობლემები გადმოსცეს.

მსგავსი თემები