“პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა” – სალომე ზურაბიშვილი

“პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის დღეს საკვირაო წირვაზე თანადგომის გამოსახატად მივიდა.

„პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა, არის ჩვენი კულტურის, ტრადიციების, შეურაცხყოფა. არის შეურაცხყოფა იმ ისტორიის, რომელზეც დგას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ, მე მოვედი დღეს იმ თანადგომით, რომელიც არის პრეზიდენტის სრული მოვალეობა და ჩემი პერსონალური, პირადი გამოხატულება ამ თანადგომის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ საზოგადოებაში არის ვნებათაღელვა, ამიტომ საკუთარ გადაწყვეტილებას ძალიან გაუფრთხილდება.

„რაც შეეხება შეწყალებას, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი. საზოგადოებაში დღეს ვნებათაღელვაა. ამიტომ ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით. ისედაც ჯერ ახალი წესები არ არის ჩამოყალიბებული, ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება მზად იქნება, გაგაცნობთ. მერე რაც იქნება საჭირო, იმ დროს დავფიქრდები, რათა მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყველასთვის გასაგები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები