“ლორამ და რაიანმა კიდევ სამი ბავშვი დაკარგეს ნაადრევი მშობიარობის გამო… შენ კი აქ მოსიყვარულე ადამიანები მოკალი!” – მოკლული სმიტების დედის წერილი მწყემსს

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელების ოჯახი მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს ციხეში გულის ამაჩუყებელ წერილს უგზავნის. რაიან სმიტის დედა ლინ სმიტი მალხაზ კობაურს მის მიერ ჩადენილ სისასტიკეს ახსენებს და ამბობს, რომ ლორასა და რაიან სმიტს 4 წლის ქელების მკვლელობამდე, 3 შვილი დაეღუპათ.

მალხაზ კობაურმა ამერიკიდან რომ წერილი მიიღო, ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ კობაურის ადვოკატებმა ჯერ კიდევ ერთი კვირის უკან ისაუბრეს. თუმცა, მათ წერილის ზუსტი შინაარსი არ იცოდნენ. მოგვიანებით, ადვოკატებმა ციხის ადმინისტრაციიდან წერილი გამოითხოვეს და მიიღეს. წერილი „მედიაცენტრ მთავარს“ სწორედ ადვოკატებმა გადასცეს.      

„მედიაცენტრი მთავარი“ გთავაზობთ ამონარიდს ლინ სმიტის წერილიდან:

„ხალხის სამსახურში მყოფმა ლორამ და რაიანმა საკმაოდ დიდი ტკივილი და დანაკარგიც განიცადეს. მათი პირველი შვილი თბილისში დაიბადა 2012 წელს. სამწუხაროდ, მათმა უმშვენიერესმა ქალიშვილმა შენონმა, მხოლოდ 9 დღე იცოცხლა. ლორამ და რაიანმა კიდევ სამი ბავშვი დაკარგეს ნაადრევი მშობიარობის გამო.

ღვთის მადლით, 2014 წელს ქელები დაიბადა, ძლიერი და ჯანმრთელი. ქელები ძალიან ცოდნის მოყვარე და მტკიცე ხასიათის პატარა ბიჭი იყო, ისეთი როგორიც მისი მამიკო. ძალიან მხიარული, ხალისიანი და ნათელი ბავშვი იყო. ქელებს უზომოდ უყვარდა თავისი მშობლები და სიამოვნებით ატარებდა მათთან დროს, როგორც აქ, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას ლაშქრობა, ჯირითობა და ცხვრის „მწყემსვა“ ძლიერ მოსწონდა. ინგლისურის გარდა ქელები კარგად საუბრობდა აზერბაიჯანულ ენაზე უკვე 4 წლის ასაკში.

ცხადია, ჩვენ ვამაყობდით და ახლაც ვამაყობთ ჩვენი შვილით რაიანით, ლორათი და ქელებით. მათ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს. შენ კი აქ მოსიყვარულე ადამიანები მოკალი!

როდესაც შევიტყვე შენი შემზარავი საქციელის შესახებ, არაადამიანურმა შიშმა შემიპრო. იმის გაფიქრებაზეც კი, თუ რისი გადატანა მოუხდა ჩვენს ტკბილ ლორას შენს ხელებში: მისი შიში, მისი პანიკა, მისი ტკივილი შენი ველური და საზარელი სექსუალური თავდასხმის დროს: ლორა, რომელმაც დაინახა და გაიგონა, როგორ ესროლე მის საყვარელ მეუღლეს, ჩემს შვილს, რომელიც შენი გარყვნილებისგან მის დასახსნელად მორბოდა, ლორა, რომელსაც ესმოდა ძვირფასი ქელების გაშმაგებული ყვირილი, როდესაც მამამისი სასიკვდილოდ გაიმეტეს, შემდეგ კი ლორა, რომელმაც დაინახა, რომ მის ერთადერთ შვილს ესროლე, უდანაშაულო 4 წლის ბიჭს, ჩემს შვილიშვილს ესროლე თავში, რომ მისი ყვირილი ჩაგეხშო. ალბათ, ლორამ ისიც გაიგონა, როგორ ესროლე რაიანს მეორედ, ამჯერად თავში. არ ვიცი, ზუსტად რამდენ ხანს გაგრძელდა შენი თავდასხმა ლორაზე ან ლორას სიკვიდლის ზუსტი მიზეზი: თავის ტრამვა, მოგუდვა თუ დახრჩობა, ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო აქედან, თუმცა ვიცი, ის თუ ვინ მოკლა ის. შენ ლორაც მოკალი, რაც შენ დამართე რაიანს, ლორასა და ქელებს იყო ბოროტისეული და დემონური“ – ვკითხულობთ წერილში.

მსგავსი თემები