“ვიწყებთ ნულიდან და ვიღებთ ვალდებულებას, გვახსოვდეს სამშობლოსთვის მებრძოლები” – გამოფენა: “რესპუბლიკის მხედრები”

2 ნოემბერს, 14:00 საათზე, ახალგაზრდობის სასახლეში, გამოფენა გაიმართება, რომელიც  1918-1921 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მებრძოლებს და უახლესი ისტორიის რეპრეზენტაციას  ეძღვნება.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრმა, თამარ ბელქანიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჯარის და სახალხო გვარდიის არტეფაქტები, იარაღი, დროშები, ინფორმაცია უცნობ მებრძოლთა შესახებ, გრაფიკული მასალა. მისი თქმით, პირადი ნივთები ხელშესახებს გახდის ისტორიას, რომელიც ბოლშევიზმის პერიოდიდან მიზანმიმართულად ყალიბდებოდა.

„გამოფენისთვის შეირჩა 1918-1921 წლების მთავრობის სასახლის შენობა, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და მდებარეობდა სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი. სამხედრო მუზეუმი ეროვნული პროექტია, რომელიც პატრიოტული აღზრდის, სამხედრო ისტორიის დეტალური კვლევის და განათლების მძლავრი კერა უნდა გახდეს. მუზეუმი ხელს შეუწყობს ქართული სამხედრო კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. იდეა გულისხმობს  თანამოაზრეების  მოძრაობას, რომლის შედეგადაც სახელმწიფო  ეროვნული მუზეუმის ბაზაზე  სამხედრო მუზეუმის შექმნის გადაწყვეტილებას მიიღებს, რითაც აღდგება ერის სამხედრო-ისტორიული მეხსიერება“, – განუცხადა თამარ ბელქანიამ „მედიაცენტრ მთავარს“

თამარ ბელქაიას განმარტებით, საინიციატივო ჯგუფი მოაწყობს პერიოდულ გამოფენებს, დაიწყებს ნივთების შეგროვებას მომავალი სამხედრო მუზეუმისთვის, შეიქმნება საიტი, სადაც განთავსდება მოპოვებული არტეფაქტები, ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

„ვიწყებთ ნულიდან და ვიღებთ ვალდებულებას, გვახსოვდეს სამშობლოსთვის მებრძოლები, წაგებული თუ მოგებული ომები, რამაც განაპირობა დღევანდელი რეალობა,“ – განუცხადა თამარ ბელქანიამ „მედიაცენტრ მთავარს“.

საინიციატივო ჯგუფში შედიან ისტორიკოსები, ჟურნალისტები, საზოგადო პირები ვინც ამ იდეს იზიარებენ.

მსგავსი თემები