“ვერცხლმოყვარეობა, უღირსი ცხოვრების წესი შეუფერებელია სასულიერო პირისთვის. წმინდა სინოდს ვთავაზობ, იმსჯელონ საეკლესიო სასამართლოს აღდგენაზე“

წმინდა სინოდის სხდომამდე 1 დღით ადრე, ორგანიზაცია”ერი და სახელმწიფო” ინიციატივას აყენებს, სინოდმა 2 მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხი განიხილოს. ერთი – საეკლესიო სასამართლოს აღდგენა და მეორე – საპატრიარქოს საპარლამენტო მდივნის პოზიციის შემოღება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადეობის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა.

„15 მართლმადიდებლურ ეკლესიაში, საქართველოა გამონაკლისი, რომელსაც  საეკლესიო სასამართლო არ გააჩნია. საეკლესიო სასამართლო იყო კირიონ მეორის დროსაც და ბოლშევიკების დროს, ამბროსი ხელაიას პატრიარქობისას გაუქმდა. საეკლესიო სასამართლოს აუცილებლობა დღეს არსებულმა ვითარებამ მოიტანა. კერძოდ იმან, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი უღირსად იქცევა. ვერცხლმოყვარეობა, უღირსი ცხოვრების წესი შეუფერებელია სასულიერო პირისთვის. ამიტომ, წმინდა სინოდს ვთავაზობ, იმსჯელონ საეკლესიო სასამართლოს აღდგენაზე“ – განუცხადა ზვიად ტომარძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე შეფასებით, საეკლესიო სასამართლოს არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში ის განუკითხაობა არ გვექნებოდა, რაც, საპატრიარქოსთან მიმართებით დღეს არსებობს.

„დაუსჯელობის სინდრომი აყალიბებს ხოლმე ასეთ ქმედებებს, ასევე ხდება ეკლესიაშიც. როდესაც არ დაისჯება, ის წახალისდება ამ მანკიერებით. დღეს, საეკლესიო სასამართლო ფუნქციები, ნაწილობრივ  შეთავსებული აქვს საქართველოს პატრიარქს და სინოდს, თუმცა, სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება, რაც არ იძლევა შესაძლებლობას, დაგროვილი საკითხების განხილვა მოხდეს. რაც შეეხება საეკლესიო სასამართლოს, ის იხილავს და ასამართლებს კონკრეტულ ფაქტს თუ ბრალდებას. დღეს უამრავი ფაქტი არსებობს ეკლესიაში, რომლის მარგინალიზაციასაც  გარკვეული სასულიერო პირები ახდენენ. ამით ისინი აბრკოლებენ მრევლს. საეკლესიო სასამართლოს არსებობა კი ამ ყველაფერს შეცვლის. ოპერატიულად მოხდება რეაგირება და ყველა საქმე გაირჩევა. ნებისმიერი სასულიერო პირი, რომელიც შემჩნეული იქნება უღირს ქცევაში მას ეცოდინება, რომ ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება“, – განუცხადა ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.  

მისივე შეფასებით, საეკლესიო სასამართლოს წევრები სასულიერო იერარქიის მიხედვით შეირჩევიან. მაგალითისთვის, თუ დღეს სინოდს 50 წევრი ჰყავს, სასამართლო ასეთი მასშტაბური არ იქნება და 10-მდე მღვდელთმსახურით შემოიფარგლება.

რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ზვიად ტომარაძე საპატრიარქოს საპარლამენტო მდივნის პოზიციის აღდგენის ინიციატივითაც გამოდის და აცხადებს, რომ ესეც შექმნილმა ვითარებამ მიტანა. „კარგი იქნება თუ ამ საკითხზეც იმსჯელებს წმინდა სინოდი“ – განუცხადა ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები