გენერალური პროკურორის განცხადებით, მეუფე იაკობის ბრალდებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

ქვეყნის მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ მეუფე იაკობის ბრალდებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, თუმცა, თუ მეუფეს ფაქტები გააჩნია, შეუძლია, შესაბამის უწყებას მიმართოს.

„სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას იმ განცხადების შესაბამისად იწყებენ, რომელიც მიმართულია საგამოძიებო ორგანოში ან სინამდვილის რაღაც ელემენტებს შეიცავს. განცხადებაზე, რომელშიც დროის, მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა და რეალობისგან არის აცდენილი,  საგამოძიებო ორგანო გამოძიებას ვერ დაიწყებს. დროში აცდენილია, რადგან მაღალი თანამდებობის პირებზეა, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ იმ თანამდებობებზე და მეორეც, დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადება არ ყოფილა“ – განუცხადა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, თუ ვინმეს ფაქტები გააჩნია, იცის, ამ ფაქტებით სად უნდა წავიდეს.

„აღნიშნულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენილია იმ მოვლენებთან, რომელზეც საუბარია. თუ არსებობს რამე კონკრეტული ფაქტები, ყველას, მათ შორის სასულიერო პირს უფლება აქვს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩამოაყალიბოს თავისი ერთიანი პოზიცია და სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ხმაურიანი ბრალდებები რამდენიმე დღეა როგორც სასულიერო, ისე საერო პირების განსჯის თემაა. კერძოდ, ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებით, ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.  

ამის შემდეგ, პატრიარქის გადაწყვეტილებით, მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსისა და  

და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან გათავისუფლდა. სინოდის სხდომა კი, რომელმაც ყველა დაგრივილი საკითხი უნდა განიხილოს, 31 ოქტომბერს ჩაინიშნა.

მსგავსი თემები