ტაშკენტსა და მის მიმდებარე ქუჩებზე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები საკაბელოთი იცვლება

თბილისის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით „თელასი“ 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების „საბურთალო-1“ და „საბურთალო-3“ საკაბელო ხაზებით შეცვლის პროექტს ახორციელებს.

პროექტის მიხედვით, ქვესადგურიდან „საბურთალო-1“ ცინცაძის, ტაშკენტის, დავითაშვილის და წულუკიძის ქუჩების გავლით ეწყობა ახალი საკაბელო ხაზი, ხორციელდება არსებული საჰაერო ხაზების და მათი ანძების დემონტაჟი.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ანძები, რომლებიც წლების განმავლობაში ქუჩის შუა ნაწილში იყო განთავსებული სერიოზულ პრობლემას წამოადგენდა. 

„ელექტროგადამცემი ხაზები უკვე მიწისქვეშაა ჩატანილი. კარგი არ არის საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, ქალაქის ცენტრში ელექტროგადამცემი ხაზები ერთმანეთს ანძებით უკავშირდებოდეს, ვიზუალურადაც ცუდად გამოიყურება. მთლიანად მოიხსნება ბეტონის საყრდენები, გზაც გაფართოვდება და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, პრობლემების გარეშე გადაადგილდეს“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

ახალი საკაბელო ხაზის სიგრძე 2,66 კილომეტრს შეადგენს. საერთო ჯამში, მიწის ქვეშ დაიგება 16 კმ კაბელი. პროექტს „თელასი“ ნოემბერში დაასრულებს.

საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები „საბურთალო-1“ და „საბურთალო-3“ ექსპლუატაციაში 50 წელზე მეტი ხნის წინ შევიდა. ხაზები საცხოვრებელი სახლების სახურავებსა და ეზოებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და მაგისტრალებზე გადიოდა, რაც ტექნიკური უსაფრთხოების თანამედროვე წესებს და ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. მოძველებული საჰაერო ხაზები ამახინჯებდნენ დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონის იერსახეს და საგრძნობლად აფერხებდნენ ავტომანქანების მოძრაობას. ახალი საკაბელო ხაზი საბურთალოს რაიონის 25 ათასამდე აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხსა და საიმედოობას გააუმჯობესებს.

მსგავსი თემები