ხუთეულში შესული ჰაკერი საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობდა (ვიდეო)

„ცნობილი ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი, დაკავებისთანავე, ქართულ სახელმწიფოს და სამართალდამცავებს თანამშრომლობას სთავაზობდა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთების სანაცვლოდ, ის, თავისუფლებას ითხოვდა“ – აღნიშნული განცხადება იაროსლავ სუმბაევის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც ზურაბ თოდუამ  აღნიშნა, საქართველომ, სუმბაევის მიმართ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა.

„სპეცსამსახურებს, ნაცვლად თავისუფლებისა, ის თანამშრომლობას სთავაზობდა, მაგრამ ეს არ იქნა გაზიარებული. სასამართლომ არც გირაოს შუამდგომლობა გაიზიარა, რომელიც 500 ათასი ლარი იყო. იცით, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სურვილი, არ გადაეცათ ის რუსეთის ფედერაციისთვის, სადაც მას საფრთხე ემუქრება“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ამ ადამიანის გამოყენებთ, ქვეყანას, უსაფრთხოების მხრივ მნიშვნელოვანი სარგებლის ნახვა შეეძლო.   

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველომ სუმბაევის მიმართ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როცა ასეთი ადამიანი არ იქნა გამოყენებული ჩვენი ინტერესებისათვის. ის დიდი ინტელექტის ადამიანია. ერთი დღე-ღამის განმავლობაში მან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი შეისწავლა სრულყოფილად. ის რასაც სტუდენტები ერთი წლის განმავლობაში ახერხებენ, ჩვეულებრივი ინტელექტის ადამიანები, მან ერთ დღეში ისწავლა. ის და მისი მეგობრებია არიან ის ადამიანები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციაში, კიბერუსაფრხოებაში მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმით. ახლო ურთიერთობა აქვთ მათ ერთმანეთთან და მას შემდეგ, რაც სუმბაევი საქართველომ  რუსეთის ფედერაციას გადასცა, შურისძიება ამოძრავებთ“, –  განაცხადა ზურაბ თოდუამ.

მისივე თქმით, მაშინ, როცა საქართველოს სერვერები საშუალო დონის ჰაკერებისთვისაც კი ხელმისაწვდომია, ეს ადამიანი საქმისთვის უნდა გამოეყენებინათ.

„ჩვენი საიტები და სერვერები სრულიად მისაწვდომია საშუალო დონის ჰაკერებისთვისაც კი. მაშინ, როდესაც საქართველოს უნდა ჰყავდეს კიბერ არმია, არაფერი  კეთდება ამ თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დანაშაული, რასაც რუსეთი  სუმბაევს ედავება, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, თუმცა, რუსეთს, ამ ეტაპზე, ეს მუხლი შეჩერებული აქვს“ – აღნიშნა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

28 წლის ჰაკერი, საქართველომ რუსეთის ფედერაციას 2 დღის უკან გადასცა.

მსგავსი თემები