სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე 16 პირი დაზარალებულად არ ცნო

  •  

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენების მონაწილე 16 პირს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

საია-მ სასამართლოს მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს მას შემდეგ მიმართა, რაც გენერალურმა პროკურატურამ მათ სტატუსის მინიჭებაზე, ორგანიზაციის შეფასებით, უარი დაუსაბუთებლად უთხრა.

„ყველა მათგანს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 20-21 ივნისს, სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტების შედეგად მიადგა. ნაწილ მათგანს, დაზიანებები რეზინის ტყვიების გამოყენების, ხოლო ზოგიერთ მათგანს – პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიადგათ. სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნულმა პირებმა დაზიანებები 20-21 ივნისს მიიღეს. მიუხედავად ამისა, არც პროკურატურამ და არც სასამართლომ ისინი დაზარალებულებად არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი შემდეგი საფუძვლით თქვა:
დაზარალებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და პირის ბრალდებულად ცნობის მტკიცებულებითი სტანდარტი თანაბარია, მაგრამ პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმეში კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან. თუმცა, აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი“.სასამართლოს განმარტება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა უგულებელყოფს საქმეში არსებულ ცალსახა გარემოებას, რომ დაზარალებულ პირებს მიღებული აქვთ სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მათ შორის, რამდენიმე დაზარალებულს დაკარგული აქვს ცალი თვალი, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ სახეზეა დანაშაული. მიუხედავად ამისა, მიღებული განჩინებით სასამართლო სადავოდ ხდის თავად დანაშაულის ჩადენის ფაქტს. საია მიიჩნევს, რომ როგორც სასამართლო, ასევე პროკურატურა უკანონოდ აჭიანურებს 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას. კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის მსხვერპლს მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, საქმის მასალების გაცნობის, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის, ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების უფლება მხოლოდ მაშინ ეძლევა, თუ იგი სარგებლობს დაზარალებულის პროცესუალური სტატუსით. შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის საწყის ეტაპზევე მინიჭებას აქვს არსებითი მნიშვნელობა დაზარალებულის უფლებების დასაცავად და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის შესაფასებლად. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება, თუმცა საია გააგრძელებს 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების საქმეებზე მუშაობას (გარდა 16 დაზარალებულისა, საია დამატებით სხვა პირების ინტერესების დაცვაშიც ჩაერთო). მათ შორის, საია არ გამორიცხავს, რომ მიმართავს საერთაშორისო მექანიზმებს დაზარალებული პირების უფლებების დასაცავად”,- აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

მსგავსი თემები