არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ მიაჩნიათ, რომ თბილისის, N51-ე სკოლის დირექტორს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მინიმუმ მორალური პასუხისმგებლობა უნდა ეუღო და თანამდებობიდან გადამდგარიყო.
აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელი იცავს შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უფლებებს სასამართლოში.
როგორც მედიაცენტრ „მთავარს“ ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა განუცხადა, დღემდე არ არის შესწავლილი რა უძღოდა წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას.
„მომხდარ მკვლელობას 51-ე სკოლაში წინ რა უძღოდა, რა დაპირისპირება არსებობდა, დღემდე შესწავლილი არ არის. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სკოლის ადმინისტრაციამ და განათლების სამინისტრომ უნდა აიღოს. აუცილებლად შესასწავლია სკოლაში არსებული ვითარება. კერძოდ, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებასა და ბულინგს სისტემური ხასიათი, იყო თუ არა კონფლიქტი და ასე შემდეგ, თუმცა, ეს საკითხები დღეს ღიაა“ – განუცხადა ცქიტიშვილმა „მთავარს“.
51-ე სკოლის დირექციის მხრიდან დღეს გაკეთებულ განცხადებებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი იძულებით ნაბიჯს უწოდებს და ფიქრობს, რომ დირექტორი დრეს ამავე პოზიციაზე არ უნდა რჩებოდეს: „თუ დადასტურდება, რომ სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას და ბულინგს ჰქონდა ადგილი, პასუხი სკოლის დირექციამ უნდა აგოს. დარწმუნებული ვარ, დათო სარალიძის მხრიდან მოსწავლეთა შევიწრობას და ბულინგს ადგილი არ ჰქონია. ეს ინფორმაცია გამიზნულად ვრცელდებოდა, რომ დანაშაული გადაეტანათ დაზარალებულის ბრალეულობაზე და ლამის დაზარალებული გამოიყანეს დამნაშავედ. ამაზე სკოლა აქამდე რატომ დუმდა და რეაგირება რატომ არ ჰქონდა, ვერ შევაფასებ. თუ არსებულ მდგომარეობას გადავხედავთ, არის 3 მიმართულება, რის გამოც დირექტორი იძულებული გახდა, განმარტებები გაეკეთებინა. ერთი მხრივ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია; მეორე მხრივ – სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც ამ საკითხს სწავლობს და მესამე – სამართალდამცველები, რომლებიც საქმეს თავიდან იძიებენ. შესაძლოა, ეს გახდა მიზეზი, სკოლის გამოხმაურების. ფიქრობ, სკოლის დირექტორს მორალური პასუხისმგებლობა მაინც უნდა აეღო და დაეტოვებინა თანამდებობა“.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძის არაერთი მოწოდების შემდეგ, სკოლის დირექციამ განცხადება დღეს გააკეთა, სადაც საუბარია, რომ მოკლული დავით სარალიძე საუკეთესო მოსწავლე იყო და ის მოსწავლეებს არ ჩაგრავდა.