“ივანიშვილის დავალებით პატრიარქის გადაყენებაზე მეჩალიჩებოდნენ” – მეუფე იაკობი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. მისი თქმით, შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.   

მეუფე იაკობის განცხადებით, პატრიარქად მეუფე შიოს დანიშვნა სურდათ, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც, ეს დავალება კი ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.

„კვირიკაშვილის დროს დამიძახეს შეხვედრაზე. კვირიკაშვილი იყო, ვახო გომელაური იყო და ცოტა დაგვიანებით მოვიდა გახარია. „მეჩალიჩებოდნენ“, ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი: ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-მეთქი. პირველი მე ვიყავი ამ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე. მეუფე პეტრეს კვირიკაშვილი არ შეხვდა, შეხვდნენ გახარია და გომელაური. ვახო გომელაურს ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა. ყველას აწი მე მივხედავ. ბიძინა ამბობს ხოლმე, ვინ არის მეუფე, არავინ არ არისო. მე სინოდის ავტორიტეტული წევრი ვარ. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, ის აღნიშნულის შესახებ პატრიარქსაც ესაუბრა.  

ის ასევე აცხადებს, რომ ყოფილი პროკურორები – ირაკლი შოთაძე და ოთარ ფარცხალაძე, მას ფულს სძალავდნენ და ამის შესახებ ინფორმირებული იყო გიორგი კვირიკაშვილი. თუმცა მეუფე იაკობს ამ შემთხვევის დეტალები არ უხსენებია.

მეუფე იაკობის თქმით, მას თავისი ნათქვამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვს.

მსგავსი თემები