“სახელმწიფო გამოხატავს თავის თავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით” – გიორგი გახარია

“სახელმწიფო გამოხატავს თავის თავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით, რათა თავისი პოზიტიური სოციალური ფუნქცია შეასრულოს მომავალი თაობების და პენსიონერების წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში, ტექნოპარკში განაცხადა, სადაც ადგილობრივ პედაგოგებს ხვდება.

გიორგი გახარიამ შეხვედრის დასაწყისში პედაგოგებს მიმართა და მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში მათ როლზე გაამახვილა ყურადღება.

„შემთხვევითი არ არის, რომ ასეთ შეხვედრებს ვიწყებთ პედაგოგებისგან. სრულად გვაქვს გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ. გვესმის, რომ ჩვენი მომავალი თაობის ფორმირებაში თქვენ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. სახელმწიფოსაც პირდაპირი ვალდებულება აქვს, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი ჩვენი მომავალი თაობისთვის. ბიუჯეტის ფორმირებიდან დაწყებული, რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელზეც მომავალი წელიც იქნება დამყარებული. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს იმ მსხვილ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს როგორც ასეთს. პირველ რიგში ესენი არიან მასწავლებლები, ექიმები და სამართალდამცველები. ეს არ არის შემთხვევითი პრინციპი. მისი საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც უნდა იზრუნონ მომავალ თაობებსა და ჩვენს ღვაწლმოსილ პენსიონერებზე. სახელმწიფო გამოხატავს თავის თავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით, იმისთვის, რომ თავისი პოზიტიური სოციალური ფუნქცია შეასრულოს მომავალი თაობების და პენსიონერების წინაშე. ამ პრინციპზეა აგებული თავიდან ბოლომდე მომავალი წლის ბიუჯეტი და ამ პრინციპიდან გამომდინარე, მასწავლებლებს წელსაც და მომავალ წელსაც გაეზრდებათ ხელფასი“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი, თუმცა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი.

„კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, თუმცა ისიც უნდა დავინახოთ, რომ პროგრესი უნდა იყოს ყოველწლიურად. რა თქმა უნდა, დარგში უამრავი პრობლემა და გამოწვევაა. ჩვენი საუბრის მთავარი მონახაზი უნდა იყოს იმის გათვალისწინება, რამხელა მნიშვნელობის საქმეს აკეთებთ თქვენ და რა რეფორმები ხორციელდება განათლების სისტემაში. ეს არ არის საუბარი საუბრისთვის, თქვენ პირდაპირ მეუბნებით, რა არის პრობლემა და როგორ იქნებოდა უკეთესი, ამაზე რეაგირება კი, ჩემი საქმეა. ისევე, როგორც ჩემგანაც აბსოლუტურად ღია და გულწრფელი პასუხი იქნება, რისი გაკეთებაა შესაძლებელი დღეს და რისი გაკეთება იქნება დღეს ცოტა რთული და უნდა დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. სამწუხაროდ, ეკონომიკურად საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს, სამწუხაროდ, ჯერ მდიდარ ქვეყანაში ვერ ვცხოვრობთ. ამას დასჭირდება ერთობლივი შრომის წლები. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სად შრომობს, ვინ მინისტრია, ან პრემიერ-მინისტრი და ვინ მასწავლებელი. ვინ უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ჯერ კიდევ არავინ იცის. ამას დრო განსჯის წლების შემდგომ“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები