საიდან ხვდება ტყვია ორგანიზმში და რა გავლენას ახდენს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე?

ტყვია მძიმე მეტალთა ჯგუფს ეკუთვნის. იგი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტყვიით მოწამვლის შემთხვევები მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ტყვიის ექსპოზიციაზე მოდის დაავადებათა გლობალური ტვირთის 1%. განვითარებად ქვეყნებში ბავშვებში აღრიცხული გონებრივი ჩამორჩენილობის 15-20% ტყვიის ექსპოზიციას უკავშირდება.

დღეისათვის ცნობილია, რომ ბავშვთა ჯანმრთელობისათვის მავნეა ტყვიის ნებისმიერი დონის ექსპოზიცია.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ თემურ კობიძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ტყვია, გარკვეული რაოდენობით დღეს, შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში იყოს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ორგანიზმიდან გამოიდევნება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საყურადღებოა ტყვიის წყაროს დადგენა, თუ საიდან ხვდება ის ადამიანის ორგანიზმში, რადგან წყარო თუ არ ჩაიკეტა ის ადამიანის ორგანიზმში კვლავ მოხვდება.

“ტყვია ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა, მოხვდეს წყლიდან, ჰაერიდან, ნიადაგიდან, საკვებიდან, სამშენებლო მასალებიდან. სისხლში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობა უარყოფითად მოქმედებს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე, ადამიანის გონებრივ განვითარებაზე და იწვევს მახინჯი თაობების დაბადებას. რომ აღარაფერი თქვათ იმაზე, რომ კარცენოგენურია. თუ ორგანიზმში ტყვიის შესვლის წყარო არ დაიკეტა, ორგანიზმისგან მის გათავისუფლებას აზრი არ აქვს. ანტიდოტები არსებობს, მაგრამ ყველა ანტიდოტი არის შხამი. ის კეთდება მხოლოდ ადამიანის გადასარჩენად”, – განაცხადა თემურ კობიძემ.

მსგავსი თემები