რუსთავში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ დატოვება აიკრძალა

რუსთავის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, პირუტყვის უმეთვალყურეოდ ყოფნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალა.

მეთვალყურეობის ქვეშ ქალაქის ქუჩების გადაკვეთა მსხვილფეხა პირუტყვისთვის, გადარეკვის მიზნებისათვის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ქუჩებზე იქნება შესაძლებელი. საკრებულომ ამისთვის შესაბამისი საათებიც დაადგინა – გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში 06:00 საათდან 08:00 საათამდე და 19:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში 08:00 საათიდან 10:00 საათამდე და 17:00 საათადან 19:00 საათამდე.

წესის დარღვევის შემთხვევაში, პირუტყვის მესაკუთრისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით – 20 ან 50 ლარის ოდენობით.

დოკუმენტის მიხედვით, უპატრონო პირუტყვი სპეციალურ სადგომზე გადაყვანას ექვემდებარება. თუ პირუტყვს პატრონი 30 დღის განმავლობაში არ გამოუჩნდება და ჯარიმას არ გადაიხდის, პირუტყვის რეალიზაცია აუქციონის წესით მოხდება.

მსგავსი თემები