მწყემსი მალხაზ კობაური უსაფრთხოების საკანში გადაყვანას ითხოვს

ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებული, მალხაზ კობაური, უსაფრთხოების საკანში გადაყვანას ითხოვს.

როგორც მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანამესაკნე, არაადექვატური ქცევით გამოირჩევა, რაც კობაურისთვისაც საფრთხეა. მისი თქმით, თანამესაკნეს ხშირად  აქვს კონფლიქტი, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებთან.

“მალხაზ კობაური იმყოფება თანამესაკნესთან ერთად, რომელიც აზიანებს საკანს, ამტვრევს ნივთებს,  ყვირის. ხშირად აქვს კონფლიქტი პენიტენციალურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალთან. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ შესაძლოა, კობაური აღმოჩნდეს უფრო დასჯილი და მასზეც გადატყდეს ჯოხი. მას სურვილი აქვს, ამ საკნიდან გავიდეს. მისი სურვილია, ე.წ უსაფრთხოების საკანში მოთავსდეს, რათა არ მოხდეს მისი უფლებების ხელყოფა,” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

ადვოკატის განმარტებით, მალხაზ კობაურს გარე სამყაროსთან კონტაქტიც შეზღუდული აქვს, რაც კანონის დარღვევაა.

„მალხაზ კობაურს აკრძალული აქვს კანონით გათვალისწინებული დარეკვის უფლება. მას მხოლოდ დედასთან და დასთან არეკინებენ. რაც შეეხება გარე სამყაროს, მეგობრებს ან ნათესავებს, არავისთან არეკინებენ და ტელეფონს უთიშავენ, რაც მისი უფლებების სერიოზული შეზღუდვაა,” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები