რა წერილი მისწერა ხადას ხეობაში მოკლული სმიტების დედამ სამუდამო პატიმრობაში მყოფ 20 წლის მწყემსს?!

  •  
  •  
  •  
  •  
  •  

მაიკლ სმიტის დედას ლინ სმიტს, საქართველოში მისი შვილის, რძლისა და 4 წლის შვილიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მან წერილი მკვლელობისთვის მსჯავრდებულს გაუგზავნა, თუმცა, რადგანაც მან არა თუ ინგლისური, არამედ, ქართულად წერა-კითხვაც არ იცის, ამ ეტაპზე, წერილის ზუსტი შინაარსი უცნობია.   

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის ტრაგიკული ისტორია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, ყველამ გაიგო. რაიან და ლორა სმიტები, მათ მცირეწლოვან შვილთან ერთად, 2018 წელს დახოცეს, მკვლელობისთვის კი 19 წლის მწყემსს მალხაზ კობაურს, ნაფიცმა მსაჯულებმა სამუდამო პატიმრობის ვერდიქტი გამოუტანეს. რაიან სმიტის დედამ, ლინ სმიტმა, მკვლელობისთვის მსჯავრდებულს, ციხეში წერილი გაუგზავნა, რომელთან დაკავშირებითაც, ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს.

როგორც მალხაზ კობაურის იტერესების დამცველმა ვასილ მამულაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ციხის სოციალურმა სამსახურმა კობაურს წერილი სულ რამდენიმე წინადადებით გააცნო და წაიღო.

„გუშინ გვქონდა შეხვედრა მალხაზ კობაურთან. მივიღეთ ინფორმაცია მისგან, რომ სმიტების ოჯახისგან გამოგზავნილი იყო წერილი, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, კონკრეტულ კითხვებს, რომელიც გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მასთან გააჩნიათ. აღნიშნული წერილის გაცნობის საშუალება ადვოკატებს არ მოგვეცა. სოციალურმა სამსახურმა კობაურს წერილი გააცნო და  წაიღო. არადა,  გზავნილი ადრესატთან უნდა დარჩენილიყო“ – განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ადვოკატების მტკიცებით, ამერიკიდან გამოგზავნილი წერილი მოცულობითი იყო. შესაბამისად, ისინი ეჭვობენ, რომ ციხის ადმინისტრაციას მისთვის წერილის სრული შინაარსი არ გაუცნია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წერილი ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი, მწყემსმა კი არა თუ ინგლისური, ქართულად წერა-კითხვაც არ იცის, აღნიშნული ეჭვი უფრო მყარდება.

„სოციალურმა სამსახურმა, წერილის წაღების მიზეზად ის დაასახელა, რომ წერილი სასამართლოში წარსადგენად სჭირდებოდათ. არადა, კობაურის საქმეზე,  სასამართლო მართლმსაჯულება  დასრულებულია და მას ვერც ვერაფერი დაემატება და ვერც ვერაფერი გამოაკლდება“ – აღნიშნეს ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

ადვოკატები ციხის ადმინისტრაციისგან წერილის დედანს ითხოვენ.

„ჩვენ დავწერეთ ოფიციალური განცხადება აღნიშნული წერილის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რადგან მნიშვნელოვანია, რომ მას ჩვენც გავეცნოთ და მისი სრული შინაარსი გავიგოთ. როგორც თავად კობაურმა გადმოგვცა, საუბარია იმაზე, რომ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, სმიტების ოჯახს კითხვის ნიშნები დარჩათ და პასუხების თხოვენ. ამის მეტს, კობაური ვერაფერს ამბობს წერილთან მიმართებაში.  წერილი არ იყო მცირე მოცულობის,  ეს არ იყო 1-2 გვერდიანი წერილი და იქ მეტი დეტალები უნდა ყოფილიყო“ – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ადვოკატების ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაცია, წერილის მიღებაზე მათ უარს ვერ ეტყვის და სავარაუდოდ, ის ისეთი რამ ეწერა, რაც მნიშვნელოვანია.

„წერილი გამოგზავნილია მაიკლ სმიტის დედის – ლინ სმიტის სახელით, სადაც ის ამბობს, რომ თუ ვინმე სხვამ ჩაიდინა ეს დანაშული,  მზად არის გამოიძიოს  და ამ საქმეში კობაურის დაეხმარება სჭირდება. ეს წერილი არ უნდა აღმოჩნდეს მავანის ხელში. დღეს-დღეობით ისეა, რომ ადამიანი მოატყუეს. უთხრეს რომ, ჩვენ სასამართლო პროცესში გვჭირდება ეს წერილი და უნდა წავიღოთო. მალხაზმა არ იცის ის სტანდარტები რაც ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს. იმიტომ, რომ მისი ფსიქიკა სხვანაირადაა განვითარებული და არც კი გაუპროტესტებია, რომ ეს წერილი წაიღეს. თუმცა, შემდეგ გააცნობიერა ის, რომ ეს წერილი არ უნდა წაეღოთ და მას უნდა ჰქონოდა“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

მსგავსი თემები