“პატივს ვცემთ წინადადებას, რომელიც საქართველოს მხარდამჭერ აქტში შესაძლო სანქციების დაწესებას ეხება” – გიორგი გახარია

“საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებული კენჭისყრა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტის მიღებას გამოეხმაურა.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს  დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რომელიც აქტშიც აღინიშნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას ჩვენი ქვეყნის მიმართ.

„ასევე ხაზგასმულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტის გაძლიერების აუცილებლობა და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ წინადადებას, რომელიც იყო გამოთქმული ამ აქტში შესაბამისი შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.

ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.

მსგავსი თემები