მეორადი ნივთებისგან შექმნილი ქანდაკებები გამოფენებს იპყრობს – 17 წლის თვითშემოქმედის ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

ვაჟა ფურცელაძე სულ რაღაც 17 წლისაა,  თუმცა უკვე 50-მდე ქანდაკების ავტორია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ახალგაზრდა ამ ნამუშევრებს მეორადი ნივთებისგან ქმნის. ამბობს, რომ მსგავსი მასალის მრავალფეროვნება ნამუშევრის დიზაინის შერჩევაში ეხმარება, სწორი კომბინაციები კი შესაძლებლობას აძლევს ნივთებს ფორმასთან ერთად, მნიშვნელობა და ინდივიდუალურობა მიანიჭოს.

რუბრიკა: „ინტერვიუ მთავართან“ სწორედ 17 წლის თვითნასწავლ სკულპტორს გაგაცნობთ.

ვაჟა ფურცელაძე: „ჩემი ინტერესებისა და მის წრაფებები შეზღუდული არ ყოფილა. არასდროს მქონია ერთი კონკრეტული ჰობი. მუდამ ვცდილობდი, რამე ახალი, ორიგინალური და კომპლექსური შემექმნა. ერთ დღესაც, მომეცა შესაძლებლობა ჩემი ყველანაირი ინტერესი თუ შესაძლებლობა ერთ სივრცეში მომექცია და განსაკუთრებული გზით .

მეციაცენტრი მთავარი“: საიდა გაგიჩნდათ იდეა, მეორადი ნივთებისგან აგეწყოთ ქანდაკებები?

ვაჟა ფურცელაძე: როდესაც პირველი სკულპტურის იდეა ჩამესახა, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რაოდენ შორს წამიყვანდა ეს. მაშინ, ჩემი ერთ-ერთი ჰობი მცირე კოლექციების შეგროვება იყო. დიდი ხნის განმავლობაში ვაგროვებდი სხვადასხვა ქვეყნის ფულს. ერთ მშვენიერ დღეს,  დამებადა იდეა, მონეტებისგან რამე ფიგურა ამეწყო. წინასწარ არაფერი განმისაზღვრავს. ეს მხოლოდ თავშესაქცევი აქტივობა იყო. საბოლოოდ კი, შედეგმა გამაკვირვა, ვინაიდან არ ველოდი მონეტებით ასე შთამბეჭდავად თუ შეიძლებოდა ცხოველის ფორმის იმიტირება.  ვიზუალურად თანამედროვე სკულპტურას მოგაგონებდათ. ამ ნამუშევარმა ჩემში იმედის ნაპერწკალი გააღვივა და შთამაგონა შემექმნა ისეთი კომპლექსური ფიგურები, როგორიცაა – რობოტები, მანქანები, მოტოციკლები, იარაღები, ხომალდები და ბუნების ელემენტებიც კი. ყოველივესთან ერთად, წარმატება და საზოგადოებაში ჩემი ნამუშევრებით გამოწვეული შთაბეჭდილებები სულ უფრო და უფრო რეალურს ხდიდა ჩემი წარმოსახვითი სამყაროს გაცოცხლების შესაძლებლობას

მედიაცენტრი მთავარი“: ძირითადად რა ჟანრში მუშაობთ?

ვაჟა ფურცელაძე: ნამუშევრების თემატიკაზე ალბათ, უდიდეს გავლენას ასტრონომიის, მეცნიერების, კომიქსების, ფილმების, ფანტასტიკისა და ტექნოლოგიების სიყვარული ახდენს. ზემოხსენებული დისციპლინები მეხმარება წარმოსახვითი სამყაროს გამდიდრებაში, რომლის ფრაგმენტული ანარეკლიც ჩემს ნამუშევრებში აისახება. თუმცა ყოველთვის თანამედროვე სამყაროს ელემენტებს როდი ავსახავ. მსიამოვნებს რეკვიზიტების შექმნა ფილმებიდან, ცხოველების, ყვავილებისა და ხეების ფიგურების გაკეთებაც. საკუთარ თავს ერთი კონკრეტული მიმართულებით არასდროს ვზღუდავ.

მეციაცენტრი მთავარი“: რამდენი ხანია ამ საქმით ხართ დაკავებული?

ვაჟა ფურცელაძე: თითქმის სამი წელია გასული, რაც ამ საქმეს მივყვები. ამ დროის განმავლობაში ორმოცდაათამდე სხვადასხვა სახის სკულპტურა შევქმენი. თითოეული ჩემს პროგრესს ასახავს, თუ როგორ ვხვეწდი დიზაინსა და ტექნიკას.

მედიაცენტრი მთავარი“: გამოფენებზე თუ გაგაქვს ნამუშევრები ან თუ ყიდით?

ვაჟა ფურცელაძე: გამოფენებსა და ფესტივალებზე ხშირად მიწვევენ და მეც, რა თქმა უნდა, არ ვაკლდები.  მახარებს, როცა საზოგადოება ეცნობა ჩემს შემოქმედებას, სწვდება მის იდეას, ტექნიკას. ან უბრალოდ როცა ვუყურებ მათში გამოწვეულ შთაბეჭდილებებს, ხელოვნების ერთ-ერთი და უმთავრესი დანიშნულებაც ხომ ეს არის. დიდი სტიმულია ჩემი საქმიანობისთვის. ასევე, ეს საქმე სხვა ხელოვანების გაცნობის შესაძლებლობასაც მაძლევს, ვინაიდან მათი შეხედულებები და შენიშვნები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მედიაცენტრი მთავარი“: რა დრო სჭირდება  ერთი ნამუშევრის შექმნას?

ვაჟა ფურცელაძე: დაახლოებით, შვიდ დღეზე მეტი. ხანგრძლივობა დამოკიდებულია ზომაზე, სირთულესა და მასალის ტიპზე. ბუნებრივია, ყველაზე მეტი დრო ყველაზე დიდ და კომპლექსურ ქანდაკებას დასჭირდა, რაც კი აქამდე შემიქმნია. ქანდაკებას იაპონელი მებრძოლის, სამურაის იმიტირება უნდა მოეხდინა. მისი შექმნა კი ჩემთვის ნამდვილი გამოწვევა იყო, რადგანაც დამჭირდა კარგად განსაზღვრული გეგმა თავისი ჩანახატებით. პირველ რიგში, უნდა შემექმნა მსუბუქი ჩონჩხი. შემდეგ მაქსიმალურად მიმემსგავსებინა ადამიანის სხეულის ფორმას, ბოლოს კი ყველაზე რთული საქმეს მისი ჩაცმა და აღჭურვა წარმოადგენდა. საბოლოოდ, მრავალი შეფერხებისა თუ პრობლემის მიუხედავად, შევძელი შემექმნა ისეთი ქანდაკება, რომელმაც საბოლოოდ სრულყო  და გააერთიანა ჩემი მიმდინარეობის თითოეული მახასიათებელი.

მედიაცენტრი მთავარი“: ძირითადად რა მასალებს იყენებთ?

ვაჟა ფურცელაძე: ქანდაკებათა უმრავლესობა მეორადი წვრილმანებისგან მაქვს აწყობილი. ეს ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მახასიათებელია, ვინაიდან მსგავსი მასალის მრავალფეროვნება დიდ არჩევანს მთავაზობს ნამუშევრის დიზაინის შერჩევის დროს.  სწორი კომბინაციები კი შესაძლებლობას მაძლევს, ზედმეტი ნივთების ერთობლიობას ნებისმიერი ფორმა მივცე და ამასთანავე მნიშვნელობა და ინდივიდუალურობა მივანიჭო. ეს მასალა, ასევე, მეხმარება იდეები გაცოცხლების პროცესშივე დავხვეწო.  საბოლოო შედეგი კი მეც კი ძალიან მაკვირვებს, რადგან სწორედ შემთხვევითი, მოულოდნელი კომბინაციები ბადებს მომხიბვლელობას, რომელსაც რთულია თვალი აარიდო.

მედიაცენტრი მთავარი“: ამჟამად თუ მუშაობთ რამეზე?

ვაჟა ფურცელაძე: აბიტურიენტი გახლავართ, ამიტომ, თითქმის, აღარ მრჩება დრო ახალი სკულპტურების ასაწყობად, თუმცა ამავდროულად, იმდენი იდეა მაქვს დაგროვილი, რომ უკვე ჩანიშვნა დამჭირდა. მაქვს იდეები, დაახლოებით სამურაისავით მასშტაბური, რომელთა ხორცშესხმასაც აუცილებლად ვაპირებ.

მედიაცენტრი მთავარი“: პროფესიასაც ამ მიმართულებით ხომ არ აირჩევთ?

ვაჟა ფურცელაძე: მინდა ისეთი კუთხით გავაგრძელო განვითარება, სადაც ჩემი გამოცდილება და უნარები დიდ როლს ითამაშებს. ვფიქრობ, დიზაინის ან ინჟინერიის რომელიმე მიმართულებას გავყვე, სადაც შემეძლება ჩემი შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინო.

თაკო კვარაცხელია

მსგავსი თემები