„გოდერძი, გუდამაყრის მივარდნილ ხეობაზე ჯერ კიდევ 80-იან წლებში დარდობდა“ – ჩოხში გოდერძის მუზეუმი იხსნება (ექსკლუზიური ინტერვიუ)

 „ _ თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას.

_ რატომ?!

_ ერთ მივარდნილ ხეობაზე ვწერ – გუდამაყრის ხეობაზე. დიდი ხანია გუდამაყრელებზე დაწერა მინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე. თუმცა ჯერ ოცდახუთი წლისა ვარ და სულ სამი წელია მას აქეთ, რაც მწერლობა დავიწყე. მაგრამ, ასე მგონია, სამი წლის მაგიერ, სამი საუკუნეა გასული და ვიტანჯები, დღემდე გუდამაყრის ხეობის შესაფერი რომ ვერაფერი დავწერე“.

გუდამაყარზე, როგორც ერთ მივარდნილ ხეობაზე მუდამ დარდობდა, თურმე, მწერალი. აწუხებდა, რომ იქაურობა ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა. ალბათ, დღევანდელი დღე იწინასწარმეტყველა გოდერძი ჩოხელმა, როცა „სულეფის კიდობანს“ წერდა. რომანში, ერთ-ერთი პერსონაჟი გუდამაყარში მუზეუმს აშენებს, სადაც ძველ ნივთებს უყრის თავს. დღეს კი მწერლის მშობლიურ მხარეში  მუზეუმი გაიხსნა, სადაც გოდერძი ჩოხელის არქივი, პირადი ნივთები და ხელნაწერები იქნება შენახული.

გოდერძი ჩოხელის მეუღლე, ნინო მელაშვილი მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში მუზეუმის გახსნის მნიშვნელობაზე საუბრობს და მწერალზე საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დეტალებს იხსენებს.

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: გუდამაყარში, გოდერძი ჩოხელის მშობლიურ სოფელში, სადაც მას არ ჰქონდა სახლი და ბიძის სახლში ცხოვრობდა, აშენდა მუზეუმი, სადაც გოდერძის არქივი, პირადი ნივთები, წიგნები, ფილმების შესახებ მასალები, მისი ხელნაწერები იქნება შენახული. ამასთან, აქ იქნება კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. თანამედროვე, კომპიუტერებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, რისი გაკეთების საშუალება აქამდე არ იყო. 

“მედიაცენტრი მთავარი”: ვის საკუთრებას წარმოადგენს მუზეუმის შენობა?

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: ეს არის სახელმწიფოს მიერ აშენებული შენობა, რომელიც ახლანდელი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის დიდი მონდომებითა და დამსახურებით აშენდა.

“მედიაცენტრი მთავარი”: ვის ეკუთვნის მუზეუმის გახსნის ინიციატივა და ოჯახი რამდენად იყავით ამაში ჩართული?

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: რაც გოდერძი გარდაიცვალა,  მას შემდეგ დაიწყო ამაზე საუბარი. აქამდე, თავი ვერ მოება ამ ყველაფერს, წინა მთავრობასაც, ყველას უნდოდა ამ მუზეუმის მოწყობა და მხოლოდ ახლა განხორციელდა. როცა ასე უჭირს სახელმწიფოს და მაინც აშენდა სახელმწიფოს სახსრებით ასეთი მუზეუმი, არ მჯეროდა. მგონი, ეს რაღაც მოვლენაა, როდესაც გუდამაყარში, ასეთ მივარდნილ ხეობაზე  ჯერ კიდევ 80-იან წლებში დარდობდა გოდერძი, იღებდა ფილმებსა და წერდა ამაზე. ახლა, მითუმეტეს, დაცლილია იქაურობა, ოჯახები თითქმის არ არის დარჩენილი. ამ მუზეუმის გახსნა კი, ამ ხეობისთვის სიცოცხლის მიმცემია. ხალხისთვის, როგორც ჩვენი ოჯახისთვის, იქაური მცხოვრებლებისთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან იმედი მიეცათ. შეგვპირდნენ, რომ  გზასაც გააკეთებენ, ფასანაურიდან სულ რაღაც 17 კმ-შია ეს ადგილი და გზა 80-იანი წლების მერე არც გაკეთებულა.

“მედიაცენტრი მთავარი”: ჩოხში მუზემის გახსნა, ბუნებრივია, გამოაცოცხლებს იქაურობას, როგორც ადგილობრივი, ისე, უცხოელი ტურისტებიც ჩავლენ და შესაძლოა, დაცარიელებულ და მივარდნილ სოფელსაც ეშველოს…

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: დიახ, ზუსტად ასეა. ეს მუზეუმი იქნება ტურისტებისთვის, სკოლის ბავშვებისთვის, რომლებიც ისედაც ჩამოდიოდნენ ხოლმე ხეობაში. ამასწინათ 3 სკოლა იყო ჩამოსული. გოდერძის დაბადების დღეს, 2 ოქტომბერს, სამი ექსკურსია იყო ამოსულიო, მითხრეს. არადა, იქ არაფერი იყო სანახავი. ისინი, უბრალოდ, მიდიოდნენ და ნახულობდნენ გუდამაყრის ხეობას, ახლა კი, შესაძლებელი იქნება, იქ ასულმა ადამიანებმა, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებმა და ახალგაზრდებმა, ნახონ ეს თვალსაჩინოება და უკვე მწერალთან ექნებათ შეხება, გაცოცხლდება ხეობა.

“მედიაცენტრი მთავარი”: მუზეუმს სახელმწიფო შეინახავს?

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: დიახ, გამგეობის ბალანსზე იქნება, ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობით გაკეთდება ყველაფერი.

“მედიაცენტრი მთავარი”: სიცოცხლეში თუ ფიქრობდა გოდერძი ჩოხელი, რომ მისი სახელობის მუზეუმი გახსნილიყო?

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: ასეთი რამ არასდროს უფიქრია. არ მგონია, არასდროს უხსენებია. მას აქვს ასეთი რომანი „სულეფის კიდობანი“. ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი სება, გუდამაყარში აშენებს მუზეუმს, სადაც ძველი, ჩვენი ყოფისთვის დამახასიათებელი ნივთები ინახება. თვითონ აი, ამ ნივთებზე მოგვითხრობს გოდერძი და ბოლოს, ყველაფერს წარღვნა წაიღებს, მხოლოდ ხალიჩა გადარჩება, რომელზეც საქართველოს რუკა იყო ამოქარგული. სება და თავისი შვილი გადაარჩენენ მას.

„მედიაცენტრი მავარი:“  ეს ხომ არ ნიშნავს, რომ გოდერძი, ქვეცნობიერში მაინც ფიქრობდა მუზეუმზე?

ნინო მელაშვილი-ჩოხელი:  თვითონ გოდერძი, ალბათ, არ აკავშირებდა ამას საკუთართან, მაგრამ ჩვენთვის, ვისაც წაკითხული აქვს ეს რომანი, შეიძლება პარალელი გავავლოთ ამ რომანსა და დღეს უკვე მისი მუზეუმის გახსნას შორის.

“მედიაცენტრი მთავარი”: რამდენიმე დეტალი რომ გაიხსენოთ გოდერძი ჩოხელზე, როგორც ყველამ ვიცით, ძალიან თავმდაბალი იყო და პომპეზურობა არ ხიბლავდა. რითი იყო გამორჩეული?

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: თავმდაბალი იყო, მაგრამ იმასაცა ვერ ვიტყვი, რომ ამბიცია არ ჰქონდა. მაშინ სოფლიდან წამოსული ბიჭი ვერც მიაღწევდა ალბათ ვერაფერს. სხვათაშორის, იცოდა კიდევაც, ნაწარმოებებიდან ან ლექსებიდან განსაკუთრებით, რას ქმნიდა და როგორი იქნებოდა მისი შემოქმედება საქართველოსთვის. „სამოთხის გვრიტები“ რომ გადაიღო, დარჩა თანხა, ჩემთან მოვიდა და მითხრა, ამ ფულით მინდა გადავიღო ფილმი „ლუკას სახარება“. დაწერა სცენარი და ამ დარჩენილი თანხით გადაიღო კიდეც. მინდა, ასეთი ფილმი დავუტოვო საქართველოსო.

“მედიაცენტრი მთავარი”: რა იყო ის, რასაც აღმერთებდა და განსაკუთრებით გამოარჩევდა თავისი შემოქმედებიდან?

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: ამბობდა, შვილებივით არიან ფილმები და ვერც ერთს ვერ გამოვარჩევო. მოკლემეტრაჟიანი ფილმები ყველა უყვარდა. ლონდონის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც 2 დან 19 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი პროგრამები გოდერძის 15 წთ-იანი ფილმით „მეკვლე“  გაიხსნა, ეს არის 1981 წელს გადაღებული დოკუმენტურ-მხატვრული ნაწარმოები. ფილმი უჩვენეს როგორც კულტურული მემკვიდრეობა.  ამაზე ინფორმაციაც კი არ ყოფილა გაჟღერებული. იგივე ფილმი ამ წელს უჩვენეს იტალიაში, ბოლონიის ფესტივალზე და ბათუმის ფესტივალზე. ტიტრებითაა ეს ფილმი, რაც ტურისტებს დააინტერესებს. ადამიანები ამ ფილმში არ ჩანან, აქ არის მიტოვებული სოფლები. ის 1981 წელსაა გადაღებული და ჯერ კიდევ როდის დარდობდა ჩოხელი ამ ხეობისა და სოფლების დაცარიელებაზე. თითქოს წინასწარ გრძნობდა რომ დაიცლებოდა.

“მედიაცენტრი მთავარი”: გოდერძის სიცოცხლებში, სოფლებში ის ვითარება არ იყო, რაც დღეს გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ გოდერძი პერსპექტივაში ხედავდა დაცარიელებულ სოფლებს?

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: მან, ალბათ, წინასწარ იცოდა ეს. მაშინ გუდამაყრის ხეობა იმდენად დაცლილი არ იყო როგორც დღეს, თუმცა მაშინაც ხალხი ნელ-ნელა ჩამოდიოდა მთიდან ბარში. მაშინ, შედარებით უკეთესი პირობები იყო, მაგრამ, ხალხი მაინც ქალაქში მოდიოდა. სასიხარულოა, რომ ეს ფილმი გოდერძის გარეშე მოგზაურობს. ასევეა გოდერძის სხვა ფილმები, რომლებიც არ გადის ასეთ ფესტივალებზე. რომ გადიოდეს, დიდ ინტერესს გამოიწვევდა. უბრალოდ, ფილმების აღდგენა და ტიტრების გაკეთებაა საჭირო.

“მედიაცენტრი მთავარი: დღეს რომ გოდერძი ცოცხალი ყოფილიყო…

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: თითქოს გოდერძის უჭირდა და ამის გამო ვერ იყო კარგად, არ არის სიმართლე. სულ ამბობდა, მე რატომ უნდა ვიცხოვრო იმაზე კარგად, ვიდრე ცხოვრობს ჩვეულებრივი ქართველიო. მისი უპირველესი დარდი იყო საქართველო, როდესაც აფხაზეთის ომი იყო, ისე განიცდიდა, სულ ვეუბნებოდი, ასეთი განცდა არ შეიძლება, ასე ადამიანები განიცდიან, როცა შვილი უკვდებათ მეთქი. რას იტყოდა გოდერძი მაშინ, როდესაც დღეს საქართველოდან ხალხი გარბის, რა დღეში იქნებოდა, წარმოიდგინეთ. ალბათ, ყველაზე დიდი ტკივილი იქნებოდა დაკარგული ტერიტორიები, ისედაც იცოდა უკვე, რომ წავიდა ამ ქვეყნიდან, 2007 წელს უკვე დაკარგული გვქონდა. ყველაზე დიდი დარდი მისთვის სამშობლო იყო.

შეგახსენებთ, რომ, დღეს, 19 ოქტომბერს, სოფელ ჩოხში, ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძი ჩოხელის მუზეუმი იხსნება. მუზეუმის გახსნის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები დაესწრებიან.  გაიმართება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით. ჩატარდება საცხენოსნო სპორტული შეჯიბრება. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილობრივი სამზარეულოს კერძები დააგემოვნონ.

„მედიაცენტრი მთავარი“

ეკა გულუა/თაკო კვარაცხელია

მსგავსი თემები