“შეწყალებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას, სამმაგ სტანდარტს დავარქმევდი” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების ნაწილს შეწყალებასთან დაკავშირებით „სამმაგი სტანდარტის“ დამოკიდებულება აქვს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სასჯელაღსრულების სისტემაში. პარლამენტის თავმჯდომარე, მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ პროცესში

„ შეწყალებასთან დაკავშირებით, ვხედავთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას, რასაც დავარქმევდი სამმაგ სტანდარტს.  როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ჩვენ ვაკრიტიკებდით მისი შეწყალების გადაწყვეტილებებს და „ენ“ რაოდენობით ასეთი გადაწყვეტილებები ჰქონდა მიღებული, ეს ხალხი იყო სწორედ, ვინც მაშინ ამბობდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები. არანაირი კრიტიკა მათ არ გამოუთქვამთ. შემდეგ, როდესაც ბატონი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით შეწყალების გადაწყვეტილებებს, ისევ ეს ხალხი იყო, ვინც ამბობდა, მმართველი პარტია თავს ესხმის პოლიტიკურად პრეზიდენტსო. დღეს, როდესაც იგივე შეწყალების გადაწყვეტილებები კითხვის და კრიტიკის საგანია, ისევ ეს ხალხი არის, ვინც ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. როგორც ვხედავთ, სამ ერთნაირ შემთხვევაში, სამ სტანდარტულ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდათ განსხვავებული რეაქცია, რაც სამმაგი სტანდარტია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები