„ეს არის დროის მოგება მსხვილი მოთამაშეების მიერ, რათა დაგეგმონ შემდეგი ნაბიჯები“ – მამუკა არეშიძე თურქეთ-სირიის ომზე (ვიდეო)

„ერდოღანისა და ტრამპის მადლობები და ის სიტყვები, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მათი მხრიდან გაისმა, თვალთმაქცობა და მსოფლიო საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა“ – ასე აფასებს მამუკა არეშიძე თურქეთ-სირიის „პატარა ომს“ და ამბობს რომ ეს ომი ერდოღანს სჭირდება.

როგორც მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კონფლიქტის ზონაში ცეცხლი არ შეწყვეტილა, ის დროებით შეჩერდა და რაზეა დამოკიდებული მისი განახლება, ვერავინ განსაზღვრავს.

„ცეცხლი, კონფლიქტის ზონაში, შეჩერებულია. გამოცხადებულია გარკვეული დროის განმავლობაში მორატორიუმი და ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი ამოწურულია. შეჩერებულია ვითომ იმ პირობით, რომ დაშორიშორება მოხდეს და შეიარაღებულმა თურქულმა რაზმებმა დატოვონ 30 კმ ზონა. მაგრამ, ესაა დროის მოგება მსხვილი მოთამაშეების მიერ, რათა დაგეგმონ შემდეგი ნაბიჯები. ერთი შეხედვით, ასეთი ვითარებაა – აშშ გავიდა რეგიონიდან, ირანი და რუსეთი პირდაპირ არ ერევიან კონფლიქტში და ვითომ, ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან მხოლოდ თურქები და მათი მოკავშირეები. სინამდვილეში ეს ასე არ არის. რეალობა ისაა, რომ ყველა მსხვილი მოთამაშე ჩართულია ამ თამაშში“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

რაც შეეხება მსხვილ მოთამაშეებს, როგორც მამუკა არეშიძემ აღნიშნა, ესენი არიან:  აშშ, რუსეთი, ევროკავშირი, ირანი, არაბული სახელმწიფოები და ისრაელი. 

„ეს მოთამაშეები სხვადასხვა დოზით არიან ჩართულნი. ზოგიერთი  პირდაპირ არს კონფლიქტში ჩართული, ზოგი ტაქტიკურ გადაწყობაში,  სტრატეგიის განსაზღვრაში, ზოგი იარაღის მიწოდებაში და ა.შ. მაგალითად, ისრაელი ეხმარება ქურთებს. აშშ ღიად არ ეხმარება, მაგრამ ასევე ეხმარება ქურთებს. მთელ ამ ამბავს უნდა შევხედოთ, სხვა კუთხით. ყველა მსხვილი მოთამაშე მსოფლიო მასშტაბით ცდილობს რომ რაც შეიძლება მყარად მოიკიდოს ფეხი ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირიის ტერიტორიაზე სამომავლოდ“ – აღნიშნა მამუკა არეშიძე „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთ-სირიის ომი დროებით შეწყდა, რის გამოც ამერიკისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს მადლობას უხდიან. 

მსგავსი თემები