პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა თუ დადგა, პროკურატურაში დავიბარებთ – შალვა თადუმაძე

  •  

გენერალურმა პროკურორის, შალვა თადუმაძის განცხადებით, “შეწყალების საქმეზე” გამოძიების პროცესში, საქართველოს პრეზიდენტის გამოკითხვის საჭიროება თუ დადგა, მას პროკურატურაში დაიბარებენ.

შალვა თადუმაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება გახდება, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში ჯერჯერობით იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა აუცილებლობაცაა.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საჭიროების შემთხვევაში პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად. თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ცნობისთვის, შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ინგა ხუციშვილი.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მსგავსი თემები