სირიის ქალაქები იბომბება, მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

თურქული ძალები სირიაზე ინტენსიურ შეტევას განაგრძობენ. იბომბება სირიის ქალაქები. სამხედრო ოპერაციაში ჩართულია როგორც ავიაცია ასევე სახმელეთო ჯარი. იზრდება მსხვერპლის ოდენობა. დაღუპულია 100 მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. საათობრივად იმატებს დევნილების რაოდენობა.

 უკვე მეცხრე დღეა თურქეთი სამხედრო ოპერაციას აგრძელებს სირიის ტერიტორიაზე. ოპერაცია “მშვიდობის წყარო”  9 ოქტომბერს  საჰაერო თავდასხმებით დაიწყო და მალევე მოჰყვა სახმელეთო ოპერაციაც.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ოპერაციის მიზანი, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთთა დანაყოფების წინააღმდეგ ბრძოლა და თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბებაა, რომელიც სირიელ ლტოლვილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს.

გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე დღეს საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს. საგანგებო სხდომის გამართვის ინიციატორები ორგანიზაციის მუდმივი წევრები დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია და პოლონეთი არიან. მათი მოთხოვნით განხილვა დახურულ რეჟიმში შედგება.

სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს, ასევე თავდაცვის, ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის უდანაშაულო, მშვიდობიან მოსახლეობას და რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს, მათ შორის, ძირს უთხრის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების მიზნით მიმდინარე კამპანიას. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, სანქციები გაგრძელდება და გაძლიერდება იმ დრომდე, ვიდრე თურქეთი ცეცხლს არ შეწყვეტს, არ შეაჩერებს ძალადობას და არ დაიწყებს მოლაპარაკებებს. მნიშვნელოვანია რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უახლოეს მომავალში რეგიონში ვიზიტს გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროკავშირის სახელმწიფოებმა, თურქეთს არაერთი განცხადებით მიმართეს, არ წყდება ოპერაცია.

მსგავსი თემები