„მარიამ კუბლაშვილის რამდენიმე ქმედება ადვოკატებისთვის დამაკნინებელია“ – ადვოკატი ვასილ მამულაშვილი

ადვოკატთა ნაწილი „ადვოკატთა ასოციაციას“ მიმართავს და ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის მიერ, საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის დაცვის პროცესის შესწავლას სთხოვს. საუბარია იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელიც ადვოკატმა კუბლაშვილმა დაზარალებული მხარის საწინააღმდეგოდ არაერთგზის გააკეთა და დაზარალებული მხარე და მისი კოლეგა ადვოკატი დებატებშიც კი გამოიწვია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის წევრმა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა, ადვოკატთა გარკვეული ჯგუფის სახელით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.       

„დაცვის განხორციელების დროს ხშირია ხარვეზები და ამაში გასაკვირი არაფერია.  ჩვენთვის მთავრია ადვოკატთა კორპუსის რეპუტაცია და ნდობა საზოგადოების თვალში. ადვოკატი უნდა იყოს სანდო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე გვქონდა როგორც პირადი რეპუტაციის შემლახავი განცხადებები, ისე ზოგადად ადვოკატთა კორპუსის დამაკნინებელი განცხადებები, როცა საქმე თითოეულ ადვოკატს შეეხო, რაზეც ადვოკატებმა ხმა უნდა ამოიღონ“ – განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისა და მისი თანაშემწის საქმეს. ილია ჯიშკარიანს საკუთარი თანაშემწე, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა,  გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. საკრებულოს წევრის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი იცავს, რომელმაც დაზარალებული მატყუარად მოიხსენია, არაერთგზის აღნიშნა, რომ ის მთვრალი იყო, რომ  პირიქით ახორციელებდა ზეწოლას დეპუტატზე და დებატებშიც კი გამოიწვია.        

 როგორც ვასილ მამულაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მარიამ კუბლაშვილის ქმედებები ადვოკატების იმიჯზეც აისახება.

„ადვოკატს ხშირად უწევს ემოციურ ფონზე განცხადებების გაკეთება, თუმცა, ამ შემთხვევაში, შემიძლია მოვიყვანო მარიამ კუბლაშვილის მხრიდან დაცვის პროცესში განხორციელებული რამდენიმე ქმედება, რომელიც დამაკნინებელია ადვოკატებისთვის. დაცვის უფლება არ გულისხმობს მხოლოდ ცალსახად, კლიენტის უფლებებისა და ინტერესების დაცვას. მათ შორის მნიშვნელოვანია ის ბრალდებები, რომელიც იყო დაზარალებულის მისამართით გაჟღერებული და ეს არის დაუსაბუთებელი ბრალდებები.  ადვოკატს მეტი პასუხისმგებლობა აკისრია ამ შემთხვევაში. ასევე, როცა ადვოკატი სხვა ადვოკატებს, ოპონენტს  დებატებში იწვევს, ეს არის პოლიტიკური აქტი და აქ ირღვევა კოლეგიალობის პრინციპი“ – აღნიშნა მამულაშვილმა.

მან ადვოკატთა ასოციაციას მიმართა, შეისწავლოს კონკრეტული საქმე: „ადამიანი იძახის, თქვენ სამნი ხართ, თქვენ დაგემატებათ ჟურნალისტი და ვნახოთ ვინ აჯობებს, ვინ გამოვა მტყუანი და ვინ – მართალი. ეს ადვოკატისთვის არის შეუფერებელი ქცევა და მინიმუმ, არღვევს კოლეგიალობის პრინციპს. მოვუწოდებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება. კუბლაშვილი ადვოკატს და მათ შორის დაზარალებულს უწოდებს მატყუარას თან უხეში ფორმით, რასაც სჭირდება რეაგირება. ადვოკატთა ასოციაციამ უნდა  შეაფასოს, დაცვის განხორციელების დროს რამდენად იყო პროფესიული ეთიკის ნორმები დაცული  და ხომ არ ვლინდება ისეთი ქმედებები, რომელიც მისი პროფესიულ რეპუტაციაზე ახდენა გავლენას“.

ადვოკატის შეფასებით, მარიამ კუბლაშვილის პერსონალური რეპუტაცია ნაკლებად საინტერესოა, მთავარია, ადვოკატთა კორპუსის რეპუტაციას არ მიადგეს ჩრდილი.

შეგახსენებთ, რომ, აღნიშნულ თემაზე  „მედიაცენტრ მთავარში“ რამდენიმე  ადვოკატს უნდა ესაუბრა. ისინი ვასილ მამულაშვილის პოზიციას სრულად იზიარებენ, თუმცა, გარკვეული, აუხსნელი მიზეზებით, საჯაროდ გამოსვლისგან თავს იკავებენ.

მსგავსი თემები