“რუსული ოკუპაცია საქართველოს მთავარი საფრთხეა” – გრიგოლ ლილუაშვილი

“სამწუხაროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უკანონო ქმედებები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაცია, გადაადგილების უფლების შეზღუდვა,  უკანონო დაკავებები და ა.შ”, – ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომლის კანდიდატურასაც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

როგორც ლილუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და მათი სპეცსამსახურები.

„ საქართველოს მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურობის შენარჩუნება სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს. უფრო მეტიც, ეს ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში,  გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა მიმდინარე წელს  სოფელ გუგუტიანთკარში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები; ასევე, საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები.

„ზემოაღნიშნული საკითხების განხილვისას ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციამ და დეფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმისა და მუქარის ენა და მიზანმიმართულად დააზიანეს მოლაპარაკებების არსებული ფორმატები, ვგულისხმობ IPRM-ის ცნობილ ფორმატს და ჟენევის ფორმატს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მსგავსი თემები