“ქართული ოცნება” თუ ქვეყანას დაცლის, 2020 წლის არჩევნებზე ხმების 100%-საც აიღებს” – დავით ჭიჭინაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” თუ ქვეყანას დაცლის, მაშინ 2020 წლის არჩევნებზე ხმების 100%-საც აიღებს.

დეპუტატის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” თუ ასეთი ტემპით გააგრძელა მოღვაწეობა, არა თუ კოალიციის შემქმნელად, კოალიციის დანამატადაც კი აღარავინ განიხილავს მას.

„ქართულ ოცნებას” მიზანი თუ ის აქვს, რომ 2020 წლისთვის ქვეყანას დაცლიან, ან საერთოდ ყველას გაგვიშვებენ და მარტო დარჩებიან, მაშინ 45 კი არა, 100% შეიძლება ავიდნენ. სხვა შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ” ასეთი ტემპით თუ გააგრძელა მოღვაწეობა და ასეთი საუბრები, ერთი წლის შემდეგ მათ არა თუ კოალიციის შემქმნელად, კოალიციის დანამატადაც კი აღარავინ განიხილავს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” გადასაწყვეტი არ არის, ვის დაიჭერენ და ვის არა.

“რაც შეეხება „ნაცმოძრაობას” და მის განაყოფებს, არა მგონია, რომ მათი გადასაწყვეტი იყოს ამ ქვეყანაში მომავალი, ან ის ვის დაიჭერენ და ვის არა. „ლელოც” გამოდის რაღაც მსგავსი ინიციატივით, „რევანში არ გვინდაო.” ეს ქვეყანა რომ გაიძარცვა, ამდენი წლის განმავლობაში ხალხი რომ მოტყუებულია, მაშინ ამ ყველაფერზე ვინ აგებს პასუხს?!

პირადად მე, წინააღმდეგი ვარ ყველაფრის პატიების, რადგან პრაქტიკულად არ არსებობს სფერო, სადაც არის სამართლიანობა. ყოველ დღე ვაწყდები იმ უსამართლობას, რომელსაც ჩადიოდა სახელმწიფო მანქანა და ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ამ მანქანას. 2012 წელში ვამბობდით, რომ აღდგებოდა სამართლიანობა, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანის მიმართ უნდა აღდგეს სამართალი, ზოგადად, ქვეყნის წინაშე უნდა აღდგეს სამართლიანობა”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება” ხმების 60%-ს მიიღებს, 20% კი სხვა დანარჩენი პარტიები.

მსგავსი თემები