„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დღეს მთავრობისთვის არანაირი დოკუმენტის წარდგენას არ აპირებს” – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, კონსორციუმმა წარადგინა ხედვა და მთავრობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. თუმცა ახვლედიანის შეფასებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დღევანდელი ბრიფინგი მთავრობის განწყობას აჩვენებს.
„არანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას დღეს აღარ ვაპირებთ. ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავით იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ წარვადგინეთ ხედვა, მოვუწოდებდით მთავრობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ, მაგრამ დღეს, 12:00 საათზე გამართული ბრიფინგი ცალსახად ადასტურებს, რეალურად რა განწყობა აქვთ მათ. იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინა მთავრობას ჩვენი ეს განწყობა და გადავსულიყავით კონსტრუქციულ საუბარში, კიდევ ერთხელ ხდება ამ პროექტის ძალიან ნეგატიური დაკნინება და ხელისშემშლელი პირობების წაყენება“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, თუ მთავრობა ხელშეკრულებას გაწყვეტს, აღნიშნულ პროექტში მაღალი რეპუტაციის მქონე არც ერთი ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას.
„დღეს ითქვა, რომ თუ ჩვენ ხვალამდე კონკრეტულ დოკუმენტებს არ წარვადგენთ, მთავრობას უფლება აქვს, ხელშეკრულება შეწყვიტოს. მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, თუ მთავრობა ამ გზას დაადგება, არც ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამ პროექტს აღარ გაეკარება და ეს პროექტი ძალიან დიდი ხნით გაჩერდება. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა გონივრულ ზომებს მიიღებს“, – აცხადებს ლევან ახვლედიანი.
კითხვაზე, იმ ფონზე რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა კონსორციუმს დოკუმენტაციის წარდგენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი, რას აპირებს კონსორციუმი თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეწყვეტს, ახვლედიანი აცხადებს, რომ კონსორციუმი იურიდიულ დავას დაიწყებს.
„თუ ხელშეკრულებას შეგვიწყვეტს, რა თქმა უნდა, მოგვიწევს იურიდიულ დავაში გადასვლა. მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ნაბიჯები, სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვხედავთ მთავრობის მხრიდან”, – განაცხადა ახვლედიანმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს იწურება.