“ეჭვი არავის ეპარება, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს” – ირაკლი კობახიძე

ეჭვი არავის ეპარება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნება“ იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დაახლოებით ხმების 60 პროცენტს მიიღებს.

„ეს არის მარტივი არითმეტიკა, საუბარია მარტივ კალკულაციაზე, რომელიც ჩვენ იმის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს, თუ რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციის ფორმირება. რეალურად, გამარჯვებულმა პარტიამ უნდა მიიღოს დაახლოებით მინიმუმ 45 პროცენტი იმისთვის, რომ შედგეს კოალიცია. გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, ეჭვი არავის ეპარება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს იქნება „ქართული ოცნება“, თუმცა 45 პროცენტი არაა ჩვენი მიზანი და ამოცანა. ვფიქრობ, რეალური სურათი რაც ალბათ შეიქმნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არის დაახლოებით შემდეგი: 60 პროცენტი „ქართული ოცნება“, 20-„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ და 20 პროცენტი დანარჩენი ოპოზიცია. ესაა რეალურად მიღწევადი შედეგი „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციის შექმნა წარმოუდგენელია ანტიდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებთან.

მსგავსი თემები