თბილისის მეტრო ამუშავდა – კახა კალაძე მადლობას უხდის მემანქანეებს, ავტობუსის მძღოლებსა და მოსახლეობას 

თბილისის მერ კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და დედაქალაქის მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ხოლო მათთვის ხელფასების გაზრდის მოთხოვნაზე მუშაობას თბილისის მთავრობა 2019 წელს დაიწყებს.

​როგორც
 კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს განაცხადა, იგი გუშინ ღამით შეხვდა მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებს და დეტალურად გააცნო როგორც სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ასევე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაძლებლობები.

​თბილისის მერმა მემანქანეებისგან მოისმინა მათი პრობლემების შესახებ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა.

​​ამ მიმართულებით რომ საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, ყოველ ჩემს განცხადებაში ვაფიქსირებ. ​მადლობა ყველა მემანაქენს, რომლებმაც გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და შედგა შეთანხმება, მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და მეტრო დღეს, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას”, – აცხადებს კახა კალაძე.

თბილისის მერი მადლობას უხდის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს იმ შრომისთვის, რაც მათ გასწიეს მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის დღეებში და ამბობს, რომ რთული იყო ამ პირობებში მუშაობა, რაც დასაფასებელია.

კალაძე, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის დედაქალაქის მოსახლეობას და აცხადებს, რომ თანამოქალაქეების მხრიდან ამ დღეებში გამოვლენილი მხარდაჭერა მას, როგორც თბილისის მერს, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.

” ვგრძნობდი მოსახლეობის თანადგომას. ასეთ რთულ ვითარებაში მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრი მეტი პასუხისმგებლობა მიჩნდება. გაძლევთ პირობას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თბილისი კიდევ უფრო უკეთესი იყოს მომავალი თაობებისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები