არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდა, გამოძიება წამების მუხლით მიმდინარეობს

ცხილვალის ციხეში მოკლული ქართველი სამხედრო პირის, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება წამების მუხლით მიმდინარეობს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას გაეცნო არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი და აცხადებს, რომ მან ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო.

​გიორგი ტატუნაშვილი გამოძიების ობიექტურობაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ დაზიანებები, რომელზეც ოჯახს კითხვები ჰქონდა, სიცოცხლის დროინდელი არ არის. 

“მაინტერესებდა ცხვირზე და შუბლზე რა დაზიანებებიც იყო, ის რატომ არ იყო ჩაწერილი დასკვნაში. როგორც მითხრეს ეს დაზიანებები არ იყო მიყენებული სიცოცხლის დროს. როგორც მითხრეს გადაკვალიფიცირდა საქმე წამების მუხლით. შსს თავიდან როგორც დამპირდა რომ გვერდში დამიდგებოდა, ყველანაირად მიდგას გვერდში. გამოძიების ობიექტურობაში, რაც მთავარია ეჭვი არ მეპარება”, – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

ექსპერტიზაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც საუბრობს. მისი განცხადებით, ტატუნაშვილს 100-მდე სხვადასხვა ხარისხისა და სიმძიმის დაზიანება აღენიშნება, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტატუნაშვილის მიმართ გამოყენებულია მიზანმიმართულად ძალა. 
“მის მიმართ ჰქონდა ადგილი არაადამიანურ მოპყრობას და ეს გამოძიებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, 22 თებერვალს, 2008 წლის ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის გეგმის ბრალდებით დააკავა, რის შემდეგაც ცხინვალის ციხეში ცემით მოკლეს.

მსგავსი თემები