თბილისში მომხდარმა მიწისძვრამ ომბუდსმენის ოფისი დააზიანა 


თბილისში, 5 ივნისის ღამით, ძლიერი ბიძგების შედეგად, ვაკის რაიონში, ნინო რამიშვილის ქუჩის N6 -ში მდებარე სახალხო დამცველი ოფისი დაზიანდა. მანამდე არსებულმა ბზარებმა კიდევ უფრო მოიმატა, კედლიდან ჩამოცვივდა ბათქაში, ზოგ ადგილას კედლები რამდენიმე სანტიმეტრზეა გახსნილი. ბზარებია შენობის სადარბაზოშიც და სამუშაო ოთახებში კედლებსა და იატაკზე.

​როგორც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წევრს, შენობის ნგრევის შემთხვევაში  შეუძლებელია თანამშრომელთა ევაკუაცია, ამიტომ მათი უსაფრთხოებისთვის ომბუდსმენი თანამშრომლების ნაწილის სხვა შენობაში გადანაწილებას მოითხოვს.

ნინო ლომჯარია თხოვნით მიმართავს საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებს, რომ საკუთარ ოფისებში თავისუფალი ფართი, თუ მოეპოვებათ, დროებით დაუთმონ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს. 

„მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომატებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში. მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით“,- წერს ლომჯარია.
როგორც “მთავარმა” გაარკვია, აღნიშნული შენობა სახელმწიფო ბალანსზეა და  მოსარგებლე სახალხო დამცველის აპარატი. გაჩენილ ბზარებს ექსპერტიზა ჩაუტარდა. 

მსგავსი თემები