თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი საკუთარ თანამშრომელს შანტაჟში ადანაშაულებს და ძალების აღდგენას ელოდება, რომ ბოლომდე იბრძოლოს. დეპუტატი მომხდარის კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ გოგონაზე არც უძალადია და არც ფიზიკურად შეხებია.
„ღმერთს ვეხვეწები, ძალას მომცემს. მამაოები, დედაოები მირეკავენ და ძალებს ნელ-ნელა ვიღდგენ, რომ მე ამ ბრძოლისთვის გავემზადო. თქვენ წარმოგიდგენიათ ჩემ ადგილას თავი? განაჩენი გამოტანილი მაქვს. რატომ ვარ ლოგინში იცით? განაჩენი გამომიტანეს ამ ფემინისტებმა, ამ რადიკალებმა და ამ ლიბერალებმა“, – აცხადებს დეპუტატი, რომელსაც სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
მისივე მტკიცებით, მისმა თანამშრომელმა გოგონამ სამსახურის ტექნიკა თავად დაამტვრია.
„ყველაფერი დალეწა მან და თავის დალეწილში აიხლართა. როგორ შეიძლება, წერტილოვანი ზიანი მიაყენოს მოძალადემ. საიდან მიიღო დაზიანება? იქნება ქუჩაში წაიქცა? ისეთი ნასვამი იყო, იქნებ კედელს გაეხახუნა… მე რა ვიცი. მაგრამ, იქ აიხლართა თავის დამტვრეულ-ამტვრეულ ნამსხვრევებში, პრინტერი, რომ გადმოაგდო“ – ამბობს ილია ჯიშკარიანი.
კითხვაზე, თუ თანამშრომელი ნასვამი იყო და სამსახურის ინვენტარი დალეწა, რატომ არ გამოიძახეთ პოლიცია, საკრებულოს დეპუტატი პასუხობს, რომ ეს მისი თავმოყვარეობის საკითხია.
„თავმოყვარე ადამიანი ვარ, ახალგაზრდების რეკომენდაციის მივიღე ეგ ახალგაზრდა. მე, რომ პატრული გამომეძახებინა, მე რა დეპუტატი ვიქნები. კარგი, ერთი პრინტერი გადმოაგდო და შეურაცხყოფა მომაყენა, მე ხო არ ვიცოდი, რომ აქეთ მიჩივლებდა და ძალადობას დამაბრალებდა. ველოდებოდი, რომ მეორე დღეს ბოდიშით მოვიდოდა და გადავწყვეტდით, პრინტერის და მონიტორის ამბავს, იმიტომ, რომ საკრებულოს ქონებაა“ – აღნიშნა მან.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, თამთა თოდაძე, რომელიც მას გაუპატიურების მცდელობასა და ძალადობაში ადანაშაულებს, მასთან 3 წელი მუშაობდა, თუმცა, ბოლოს აურია: „ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ ერთად, იყო ენერგიული თანამშრომელი, თუმცა ბოლო პერიოდში დაიწყო კონფლიქტი თვითონ თანამშრომლებს შორის და ბოლოს დააგვირგვინა ჩემით. არ ერიდებოდა გალანაძღვას. ნასვამზე ეხსნება სიყვარულის ბუშტი და როგორც კი დავრჩით მარტო და ყველა წავიდა, ბუშტი შეცვალა აგრესიით და ლეწვით“ – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანის მიმართ ბრალდება ორი მუხლით არის წარდგენილი: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).