“ამ ახალგაზრდა გოგონაზე ძალიან გაბრაზებული ვარ, უნდა, თავს ლაფი დამასხას” – დეპუტატი თავს იმართლებს

საკრებულოს დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, რომელსაც სექსუალური ძალადობის მცდელობასა და თანაშემწის ცემაში ედება ბრალი, მომხდარზე საავადმყოფოდან საუბრობს.

დეპუტატი დეტალებზე არაფერს ამბობს და არც მომხდარზე ყვება. ერთადერთი, რასაც ილია ჯიშკარიანი ამბობს, არის ის, რომ დეპუტატი ავტორიტეტული პიროვნებაა და ამიტომ მის რეიტინგს ზიანი მიაყენეს.

დეპუტატის თქმით, ის, რასაც თამთა თოდაძე ამბობს, ტყუილია და ეს ყველაფერი უბრალოდ, შავი პიარია.

“ძალიან მინდა, საზოგადოებას გავაგებინო, რა არის სიმართლე, თუმცა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ მაძლევს. რაც ახალგაზრდა გოგომ მოყვა, ტყუილია. მე მას ხელით არ შევხებივარ. ყველაფერი შეთითხნილი და შავი პიარია, რაც მიმართულია ავტორიტეტული მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ. ყველაზე სამწუხაროა ისაა, რომ ილია ჯიშკარიანს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, მედიამ, განაჩენი გამოუტანა”, – აცხადებს დეპუტატი.

ილია ჯიშკარიანის განმარტებით, მის ზურგს უკან პარტია ან ხელისუფლება რომ მდგარიყო, ასეთ მძიმე ბრალდებას არ წარუდგენდნენ. 

“ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელითაც უნდათ, არჩევნებამდე გაანადგურონ ადამიანები. თუ მე შემელახება სახელი, ამით პარტიასაც მიადგება ზიანი. ძალიან გაბრაზებული ვარ მე ამ ახალგაზრდა გოგონაზე. 2017 წელს გავიცანი და 3 წელია მუშაობს ჩემთან. ბიუროში რა საქმიანობასაც ეწევიან, იმის ფარგლებში გვქონდა ურთიერთობა – ადამიანების მიღება და გასტუმრება. კარიერული წინსვლის ამბიცია გაუჩნდა, რაშიც მეც ვეხმარებოდი. ამის რეკომენდაციებიც არსებობს. ეს სხვა მდგომარეობაში გაახსენდა და ამით ძალიან დიდი ზიანი მომაყენა, ახლა კი უნდა თავს ლაფი დამასხას”, – განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. საკრებულოს დეპუტატს ბრალად ედება, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა. პროკურატურამ დაზარალებულად ცნო თავად თამთა თოდაძე.

დღეს კი, დეპუტატი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის ამ დრომდე რჩება “ნიუ ჰოსპიტალში”, სადაც მკურნალობს.

მსგავსი თემები