თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 686 დევნილ ოჯახს გადაეცემა. აქედან, 215 ერთოთახიანია, 143 ოროთახიანი, 305 სამოთახიანი, 23 კი ოთხოთახიანი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის თქმით, ნგრევის პირას მყოფი და სახელმწიფო მნიშვნელობის 24 ობიექტი დაიხურება და იქ მცხოვრებ 256 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა. ასევე, დევნილი ოჯახები, ბინებს, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებების საფუძველზეც მიიღებენ.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ, სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, ჯამში, მონიტორინგის ჯგუფების მიერ გადამოწმებული 1375 განაცხადი განიხილა. როგორც უწყებაში განმარტავენ, არსებული 959 ბინიდან, 273 ბინის განაწილება გადავადდა, რადგან განაცხადებში მითითებული გარკვეული ინფორმაცია არ დადასტურდა და საჭიროებს დამატებით გადამოწმებას.
დარჩენილ ბინებზე დამატებითი განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ბინები წლის ბოლოს განაწილდება.