“ყოველგვარი დანდობისა და მოფერების გარეშე მითხარით, რა პრობლემა გაქვთ” – გიორგი გახარია

“ყოველგვარი დანდობისა და მოფერების გარეშე მაცნობებთ, სად რა პრობლემა გაქვთ, ან ამბობთ, რომ ყველაფერი კარგადაა და ყველანი ბედნიერები ვიქნებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მთავრობის მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გაიზომოს ტემპერატურა განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც ეკონომიკისთვის ძირითადი მამოძრავებელია როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

“მესმის, რომ 2017 წელი იყო უკეთესი, ვიდრე 2018. გასულ წელს გარკვეული პრობლემები გვქონდა როგორც რეგულირების, ისე ადმინისტრირების საკითხებში. მიმდინარე წელი საკმაოდ იმედისმომცემია, თუმცა, კარგად გვესმის, რომ საბანკო და სხვა სახის რეგულაციების შემოღებისა თუ გამკაცრების შედეგად, გარკვეული სირთულეები შეიქმნა. არსებული პრობლემების გადაჭრის სწრაფი გზა უნდა მოვძებნოთ. მშენებლობის სექტორი არის მზარდი. ამიტომ, ყველანაირი ერთმანეთის დანდობის, გაფრთხილებისა და მოფერების გარეშე მაცნობებთ, კონკრეტულად სად რა პრობლემა გაქვთ, საიდან გამომდინარეობს ან გვეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა და თქვენც ბედნიერი იქნებით და მეც“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები