ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილის მიერ წარმოებულ სულგუნში რძის ფხვნილი აღმოჩნდა. ამის შესახებ “მომხმარებელი.ჯი”-ს მიერ ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოქალაქის საჩივრის გადამოწმების მიზნით, ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილის მიერ წარმოებული სულგუნი შეიძინეს და ლაბორატორიაში რძის ფხვნილის შემცველობის დასადგენად ჩააბარეს.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა რძის ფხვნილი. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რძის ნაწარმის დამზადება რძის ფხვნილისგან დასაშვებია. გამონაკლისს წარმოადგენს ყველი, რომელიც მხოლოდ ნედლი რძისაგან უნდა იყოს დამზადებული.
“მომხმარებელი.ჯი”-ს ცნობით, ეტიკეტზე არ არის მითითებული, რომ პროდუქტი რძის ფხვნილისგანაა დამზადებული, რასაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი.
მათივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია სურსათის ეროვნული სააგენტო.