საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, რომელსაც
მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
სასამართლო პროცესი “ნიუ ჰოსპიტალსში” გაიმართა და გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველი მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ჯიშკარიანს კვლავ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და იმ ემოციური ფონის გათვალისწინებით, რომელიც შესაძლოა სასამართლოში ყოფილიყო, არსებობდა საშიშროება, რომ ჯიშკარიანი ცუდად გამხდარიყო. კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლომ სხდომის კლინიკაში გამართვის გადაწყვეტილება შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით წარსდგა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა. პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.
როგორც პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბრალდებულს მოსამართლემ დაზარალებულთან მიახლოება და მოწმეებთან კომუნიკაცია აუკრძალა.
ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. საკრებულოს დეპუტატს ბრალად ედება, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა. პროკურატურამ დაზარალებულად ცნო თავად თამთა თოდაძე.