“1997-2002 წლებში, ხუთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ამ ინსტიტუტში. დიპლომი მე თავის დროზე პარლამენტში წარვადგინე და თუ ვინმეს ამის ნამდვილობაში ეჭვი ეპარებოდა, მათ შორის დამკვირვებლებს და ყველასაც, შეგვეძლო გველაპარაკა მაშინაც”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მის დიპლომს აქვს, ბეჭედი, საიდენტიფიკაციო კოდი, ნომერი და ყველა ის რეკვიზიტი, რაც უნდა ჰქონდეს.
“დავასრულე 2002 წელს. რაც შეეხება სახელს, მაშინ მე ამაზე ყურადღება არ მიმიქცევია. საიდენტიფიკაციო კოდს, სახელწოდებას, რაც ბეჭედზეა და ხელმოწერას, ჩემში ეჭვი არ გამოუწვევია მაშინ. რომელი აქტით მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელობის, არ ვიცი. მგონია, რომ ეს შესაძლებელი იყო, სულაც შიდა რაღაც გადაწყვეტილებით ყოფილიყო მინიჭებული. მთავარია, რომ საიდენტიფიკაციო კოდი, სახელწოდება ჰუმანიტარული ინსტიტუტი და ხელმოწერები ნამდვილია. არ ვიცი, რა ხდება თადუმაძესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.
კითხვაზე, რატომ მოიყვანა მამუკა მდინარაძემ მაგალითად მისი დიპლომი, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ იცის.
„ერთ-ერთ მოსამართლეს, მაგალითად ჩახნაშვილს, თუ არ ვცდები, ასევე ეს ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, ნამდვილობაც ჩვეულებრივად დადასტურებული აქვს. 2004-ში აქვს დამთავრებული, როცა შევიდა ნოდარ დუმბაძის სახელობის ოფიციალურად, როგორც სახალხო დამცველი ამბობს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.