ტურისტების მხრიდან დავით გარეჯზე ინტერესი დიდია, თუმცა, რისთვისაც ჩამოდიან, ვერ ათვალიერებენ. საქართველოში ჩამოსული ტურისტების მხრიდან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით დიდი ინტერესს ადგილზე ჩასული ტურისტების სიმრავლე და თავად გიდებიც ადასტურებენ. როგორც ერთ-ერთმა გიდმა, „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, გარეჯისთვის ტურისტები პროგრამაში რამდენიმე საათს ითვალისწინებენ თუმცა, გაწბილებულები ბრუნდებიან.
„დღეს, მესაზღვრეების გარდა, დავით გარეჯის ტერიტორია ყველასთვის დაკეტილია. ქვევით, მხოლოდ ლავრაშია შესაძლებელი შესვლა, სხვაგან, გადაადგილება შეუძლებელია. ადრე, ყველგან მიმყავდა ტურისტები. ბოლოს, გუშინ მყავდა ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები, თუმცა, არ შეგვიშვეს, ჩვენი, ქართული მხარე, მესაზღვრეები არ გვიშვებენ, ამბობენ, რომ არ შეიძლება. რატომ, ამას არ ხსნიან“ – განუცხადა გიდმა გურამ გურაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“
კითხვაზე, რამდენად დიდია ტურისტების ინტერესი დავით გარეჯთან დაკავშირებით, გურაშვილმა გვიპასუხა, რომ ინტერესი მზარდია: „ ტურისტების მხრიდან, გარეჯზე ინტერესი საკმაოდ დიდია, გუშინ 2 საათი ჰქონდათ გამოყოფილო, თუმცა, ვერ შევედით. ბუნებრივია, სვამენ კითხვებს, რატომ არ უშვებენ და ვუხსნი რაც ხდება რომ ამ ტერიტორიაზე ქართული და აზერბაიჯანული მხარე დაობს და დროებით შეფერხებაა შესვლაზე“.
როგორც რესპონდენტმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, დავით გარეჯი ტურისტები 2 მიზეზით იზიდავს.
„ერთი, გარეჯი იმით არის მათთვის საინტერესო, რომ იქ მისასვლელად ფეხით ბევრი უნდა იარო, გორები გადაიარო და მეორე, როცა ადგილზე მიდიან, საოცრებას, ძველ ქართულ ფრესკებს ნახულობენ. თუმცა, უდაბნოს მონასტერი და აღდგომის ტაძარი, დღევანდელი მოცემულობით, დაკეტილია“- განუცხადა გურამ გურაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.