პრეზიდენტისთვის შეძენილ ანტიკვარულ ავეჯსა და ლუი მე-15-ეს კარადაზე, ადმინსტრაცია განმარტებებს აკეთებს

ორბელიანის სასახლის ისტორიული ნაწილის ავეჯით მოწყობისთვის 1 200 000 ლარი გამოიყო.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, განათლების, კულტურის და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა განაცხადა, ორბელიანის სასახლისთვის ანტიკვარული ავეჯი კანონმდებლობის სრული დაცვითაა შესყიდული და შესყიდვა მხოლოდ საქართველოში განხორციელდა.

“ავეჯი შეძენილია სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილისთვის, რომელიც არ გახლავთ პრეზიდენტის პირადი სამუშაო სივრცე. ამიტომ, ეს ინვენტარი პირველ რიგში ემსახურება საერთაშორისო ვიზიტებზე მოსულ პუბლიკას და ზოგადად საზოგადოებას. ჩვენი მიზანია ორბელიანების სასახლის აღჭურვა ისეთი ინვენტარით, რომელიც ისტორიულად იყო დამახასიათებელი მსგავსი ტიპის ნაგებობებისთვის საქართველოში და გვსურდა, რომ ამ პროცესით რაღაცნაირად ეპოქა წარმოგვეჩინა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, ორბელიანების სასახლის ისტორიულ ნაწილში, მხოლოდ ორი ნივთია საფრანგეთიდან, რომელიც პრეზიდენტის მამის საკუთრება იყო.  

„საფრანგეთიდან გვაქვს ორი ნივთი, ესაა, საწერი მაგიდა ლუი მეთხუთმეტის სტილში და ანტიკვარული კარადა, რომელიც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მამის საკუთრება გახლავთ. ბატონი ლევან ზურაბიშვილი პარიზში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი იყო და პრეზიდენტის მიერ ამ ნივთების საქართველოსთვის გადაცემას ერთგვარად სიმბოლური დატვირთვა აქვს,” – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა. 

მისივე თქმით, მეორადი ანტიკვარული ავეჯი საქართველოში ბევრად უფრო იაფი ჯდება ვიდრე ქარხნული ნაწარმის შეძენა უცხოეთში, ამიტომ დიდი ეკონომიაა გაწეული, დაახლოებით 81 000 ლარამდე. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, შესყიდვაზე სახელმწიფო უზრუნველყოფის ეროვნულმა სააგენტომ იმუშავა სპეციალისტების ჯგუფთან ერთად.

“ეს შესყიდვა ემსახურებოდა გარდამტეხი როლის შეტანასაც, რამდენადაც წლებია კულტურული ფასეულობები გაედინებოდა საქართველოდან და ამ პროცესში სახელმწიფო და საზოგადოება არ არის პოზიტიური როლით წარმოჩენილი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო ასეთი მასშტაბის შესყიდვას ახორციელებს იმისთვის, რომ მომავალ თაობებს კულტურული მემკვიდრეობა შეუნარჩუნოს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ნაცვლიშვილის განცხადებით, ორბელიანის სასახლე საბოლოო სახით დასრულებული არაა და დასრულების შემდეგ საზოგადოება ყველა ნივთს ნახავს, რაც შეიძინეს. მისივე თქმით, სასახლე ღია იქნება და იქ გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები და ექსკურსიები.

მსგავსი თემები