თბილისის საკრებულოს დეპუტატის თანაშემწე დეპუტატისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას და დეპუტატის მანდატის შეწყვეტას ითხოვს. ის პროკურატურაში უკვე დაიბარეს, საქმეც გააცნეს და გაუთქმელობაზეც ხელი მოაწერინეს. დაზარალებულად ცნობილი თოდაძე ამბობს, რომ დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მის გაუპატიურებას ცდილობდა და ამისი დამტკიცება არ გაუჭირდება.
„პროკურატურის მიერ ჩატარებულია ძალიან დიდი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ძირითადი ნაწილი უკვე იმის შემდგომ არის ჩატარებული, რაც უშუალოდ მოხდა ამის გაშუქება. მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. ადრეც, თავიდანვეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მოვაწერე გაუთქმელობის აქტს,“ – განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმა თამთა თოდაძემ ჟურნალისტებთან.
ის მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენასაც არ გამორიცხავს და ამიტომ, დეპუტატის დაპატიმრების იმედი აქვს: „მთავარი მოთხოვნაა, პატიმრობა შეეფარდოს და შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი, რადგან ზოგადად ასეთ სიტუაციაში, როდესაც დიდია ძალაუფლება და გავლენა, ძალიან დიდია იმის ალბათობაც, რომ ხდება მოწმეებზეც ზეგავლენის მოხდენა.
შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს ბრალი საავადმყოფოში გააცნეს. თამთა თოდაძე კი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.