“იუნესკო-ს გადაწყვეტილება თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელების თაობაზე, თბილისის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული ცენტრის კიდევ ერთი აღიარებაა და ამ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მედიათეკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურული დიპლომატიის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიზარდოს.
დავით ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისს შესაძლებლობას მისცემს, ერთი წლის განმავლობაში მრავალ ღონისძიებას უმასპინძლოს, რაც მიზნად ისახავს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული სფეროების განვითარებას.
„ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვემზადებით, მთლიანად მთავრობა იქნება აქტიურ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, იმისთვის, რომ თქვენც იყოთ აქტიურად ჩართული ამ პროცესში,“- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ, საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე, მიიღო გადაწვეტილება, რომ ქალაქი თბილისი იქნება 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი. წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი საქართველოს იუნესკო-ს საქმეთა ეროვნული კომისიის (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხარდაჭერით მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს.